რუსთაველი აქტივისტების ბოიკოტი [photo]

2020-11-17 14:15:49

რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა სოკოს საწარმოს  "თეთრი ქუდის" ცეტრალურ შესასვლელ ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

აქტივისტები საწარმოში ხელმძღვანელობასთან შესახვედრად მივიდნენ და მათგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ.

თუმცა დაცვის წევრმა აქტივისტებს განუცხადა, რომ არც ხელმძღვანელობა და არც ადმინისტრაციის წევრები საწარმოში არ იმყოფებოდნენ.

მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ვერ შეძლეს, მათ ცენტრალურ შესასვლელ ჭიშკარს ჯაჭვი მოაბეს და დააბოქლომეს, რითიც ტერიტორიაზე შესვლა-გამოსვლის ბლოკირება მოხდა.

"ჩვენ აქ არაერთხელ ვყოფილვართ ღამის საათებში, იმ მომენტში, როცა ქალაქში სუნი ვრცელდებოდა. დაცვის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ იმ დროს მივსულიყავით, როცა ადმინისტრაცია იქნებოდა ადგილზე სამუშაო საათებში...

საწარმო არ რეაგირებს იმ გამოწვევებზე, რაც ქალაქს აქვს. არ აინტერესებს ის, რომ ქალაქი გაუსაძლის სუნშია. ხელისუფლების სამი შტოდან ორმა გაამტყუნა უკვე. სასამართლო ხელისუფლებამაც კანონიერ ძალაში შესული გადატყვეტილებით დააჯარიმა 20 000 ლარით. მაგრამ საწარმოსგან პასუხი არის ის, რომ ადგილზე არავინ არ არის, ვინც გააკეთებს განცხადებას, მინიმუმ მოისმენს ჩვენს სატკივარს",- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ნიკა კურტანიძემ.

პროტესტის დროს ტერიტორიაზე "თეთრი ქუდის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი მოვიდა. მან "ინფო რუსთავის" კითხვა, აპირებენ თუ არა აქტივისტებთან შეხვედრას, უპასუხოდ დატოვა და ბლოკირებული შესასვლელი გამო საწარმოში ავტომობილით შესვლა ვერ მოახერხა.

აქტივისტების თქმით, ისინი გაჩერებას არ აპირებენ და პროტესტი მომავალშიც გაგრძელდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები