რუსთავის ბაღებში პროდუქტების გაცემა დაიწყო

2020-11-17 14:01:25

რუსთავის ბაღებში პროდუქტების გაცემა დაიწყო.

ქალაქის მერიის დახმარებით საბავშვო ბაღის 6513 აღსაზრდელს საკვები პროდუქტები დაურიგდება.

როგორც "ინფო რუსთავს" ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განუცხადა, ქალაქის მასშტაბით არსებულ სააღმზრდელო დაწესებულებაში პროდუქტის გადანაწილება უკვე დაიწყო, მშობლებს კი დახმარების მიღება ხუთშაბათსა და პარასკევს შეეძლებათ.

"ჩვენს აღსაზრდელებს, ყველას, ვინც ჩარიცხულია რუსთავის ბაღებში, ვაძლევთ საკვები პროდუქტების პაკეტს, რომელშიც შედის 12 სახეობის პროდუქტი.

ჩვენ დავიწყეთ მშობლებთან კონტაქტი, რადგან ზოგი სოფელშია წასული. თუკი რუსთავში არიან მოვლენ ბაღებში დახმარების მისაღებად, ვინც აქ არ არის, მათ ვთხოვთ, რომ ბავშვის წარმომადგენელი გამოაგზავნონ, რათა ყველა ბავშვს კუთნილი საკვები მივცეთ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ეკა ხუციშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით 9 ნოემბრიდან 25 ჩათვლით რუსთავში არსებული ყველა ბაგა-ბაღი დახურულია.

ეკა ხუციშვილის თქმით, იქნება თუ არა პროდუქტების დარიგების შემდეგი ეტაპი დამოკიდებულია სახელმწიფო რეკომენდაციებზე, აღდგება სააღმზრდელო პროცესი ბაღებში, თუ ისევ დახურული დარჩება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები