გამწვანების აქცია რუსთავში [photo]

2020-11-16 15:11:53

რუსთავში მე-20 სკოლის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მიმდინარეობს.

200-ზე მეტი ძირი ნეკერჩხლის, ფიჭვისა და კედარის ნერგების დარგვის პროცესში პროექტის ავტორებს რუსთაველი აქტივისტები და მოხალისეები ეხმარებიან.

"გავიგუდეთ"-ს აქტივისტის ნიკოლოზ მუსერიძის განცხადებით, ხეების დარგვის შემდეგ სკოლის ტერიტორიაზე მცენარეებისთვის სარწყავი სისტემა მოეწყობა.

"იქითა კვირის ბოლოს საერთო სამუშაოები შეწყდება, მოეწყობა საირიგაციო წვეთოვანი სისტემა და სისტემა დაიწყებს მუშაობას. თვითონ მცენარე მოირწყვება წვეთოვანი სისტემით. დაველოდებით გაზაფხულს და გვეცოდინება, თუ როგორ იმუშავა ამ პროექტმა, წარმატებით თუ წარუმატებლად. თუმცა ბევრი ექსპერტი გვეუბნება, რომ ზუსტად ესე უნდა კეთდებოდეს ხისთვის სისტემები",- განუცხადა "ინფო რუსთავს" რუსთაველმა ეკოაქტივისტმა ნიკოლოზ მუსერიძემ.

სკოლის ტერიტორიის გამწვანების პროცესი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ მოინახულა და აქტივისტებს თანადგომა გამოუცხადა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის "აჩუქე რუსთავს ჟანგბადი" ფარგლებში სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფმა "გავიგუდეთ"  მოქალაქეების დახმარებით 6000 ლარი შეაგროვა, რის შემდეგაც ეს თანხა "ორბელიანი საქართველოს" ფონდმა გააორმაგა. აქტივისტებს 3600 ლარით დაეხმარა "რუსთავის ინოვაციების ჰაბი". გარდა ამისა რუსთავის სერვის ცენტრმა აქტივისტებს დასარგავად ფიჭვის ძირები გადასცა, ხოლო 2021 წლის იანვრიდან, ქალაქის მერია ირიგაციასთან დაკავშირებულ წყლის ხარჯებს დაფარავს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები