დაღუპული ბავშვის ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს

2017-06-10 14:28:01

"ინფო რუსთავი" 8 ივნისს გარდაცვლილი ლუკა მჭედლიძის ოჯახს დაუკავშირდა. დაღუპულის მამა, კახა მჭედლიძე, ინფო რუსთავთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახში რუსთავის თვითმმართველობისა და „აზოტის“ საწარმოს წარმომადგენლები მივიდნენ. მისი თქმით, მან „აზოტის“ საწარმოდან დასაქმების შემოთავაზება მიიღო, ხოლო რუსთავის მერია ოჯახს დახმარებას დაჰპირდა. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გაჟღერებულ ინიციატივას, რომ გაიხსნას სპეციალური ანგარიში და მსურველებმა შეძლონ თანხის ჩარიცხვა, გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ მათ მძიმე სოციალური მდგომარეობა აქვთ, თუმცა დახმარებას ვერავისგან ვერ მოითხოვენ.

თვითმმართველობის განცხადებით, კანონის ფარგლებში მოხდება ოჯახის დახმარება, მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე მუდმივად ადგილზე იმყოფება და მზადაა ოჯახს მოთხოვნების შესაბამისად მხარდაჭერა აღმოუჩინოს.

„აზოტის“ საწარმოს დირექტორის მოადგილის, ლევან ბურდილაძის განცხადებით, საწარმოს წარმომადგენელი გარდაცვლილის ოჯახში იმყოფებოდა. მან ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გაუწია და გარდაცვლილის მამას საწარმოში დასაქმება შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს, მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ხელოვნურ ტბაში 9 წლის ლუკა მჭედლიძე დაიხრჩო. ლუკას თან 12 წლის ძმა და ორი თანატოლი ახლდა.

ლუკა მჭედლიძეს სამშაბათს, რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

თუ გაქვთ დახმარების სურვილი და არ იცით მისამართი ან საკონტაქტო ნომერი შეგვეხმიანეთ ინფო რუსთავს ფეისბუქ-გვერდზე.