რუსთავის #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმი მიიღეს. კომისიის სხდომა პროტესტის ნიშნად "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა დატოვეს. საბოლოოდ, შემაჯამებელი ოქმის მიღება მათი ხელმოწერის გარეშე მოხდა.
როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ალეკო ბერიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, საოლქო საარჩევნო კომისიასთან არ იყო თანამშრომლობის ფორმატი, რადგან კომისიამ პარტიის მიერ დაწერილი საჩივრები არც კი განიხილა.
"საოლქო კომისიამ არ გაითვალისწინა, რომ ჩვენ საჩივრები გვქონდა დაწერილი და მთლიანად განხილვის გარეშე დატოვა აღნიშნული საჩივრები, ამიტომ მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა. ჩვენი საჩივრები გაბათილებულ ბიულეტენებს შეეხებოდა, შეეხებოდა უბნების გადათვლას და 2 უბანზე შედეგების გაბათილებას საერთოდ. 7 საჩივარი დატოვეს განუხილველად. თანამშრომლობის ფორმატი არ იყო საოლქოსთან, რაც უნდოდათ ის მიიღეს, ოქმების ჩასწორებაც თვითონ გააკეთეს, არანაირი აზრი არ ჰქონდა იქ დასწრებას და ხელის მოწერას მაგ ოქმზე", - განაცხადა ალეკო ბერიძემ.
როგორც #20-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, შედეგები #12 რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში არ შეცვლილა.
საინფორმაციო სააგენტოს კითხვის საპასუხოდ, რას უკავშირდებოდა ოპოზიციური პარტიების პროტესტი და მოხდა თუ არა მათი პოზიციების გათვალისწინება, აფციაური აცხადებს, რომ პარტიების მხრიდან განსხვავებული აზრის დაფიქსირება წერილობითი ფორმით არ მომხდარა. ამასთან, კომისიის თავმჯდომარე ადასტურებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს და მათ ხელი არც შემაჯამებელ ოქმზე მოუწერიათ.