"გაისეირნეს საღამოს ჩემზე კარგად"

2020-11-09 14:41:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს ანდაზით პასუხობს.

8 ნოემბერს ცესკოსთან გამართული აქციის დროს პოლიციის მხირად წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკავშირებით მთავარი არხის ჟურნალისტმა გამყრელიძეს კომენტარის გაკეთება სთხოვა, შეიცავდა თუ არა პანდემიის დროს წყლის ჭავლის გამოყენება საფრთხეს, რაზეც ამირან გამყრელიძემ უპასუხა, რომ ის პოლიტიკურ კომენტარებს არ აკეთებს.

მის პასუხს საზოგადოების ნაწილისგან უარყოფითი რეაქციები მოყვა, მათ შორის იყო ნიკა გვარამიაც.

"ჩვენ ექიმები ვართ აპოლიტიკური ადამიანები. გუშინ მეც მკითხეს წყლის ჭავლის გამოყენებასთან დაკაშირებით, მერე საღამოს გაისეირნეს ჩემზე კარგად.

დაგვანებეთ ექიმებს თავი. ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ. გუშინ რაც ბატონმა გვარამიამ პირადად ჩემდამი იკადრა, მე მას პასუხს არ ვცემ. სულ ცდილობენ, როგორმე პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ.

არა ბატონებო, ვამბობ, მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. არ ვერევი ამ თქვენს პოლიტიკურ საკითხებში. გუშინ ჩემდამი დასმული იყო ზუსტად პოლიტიკური ქვეტექსტის კითხვა. რა უნდა მეთქვა? არ გავეცი ამაზე პასუხი. მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთა. იცის ამ არხის დირექტორმა, რომ არ ვეხები მე მას, ერთ უბრალო ქართულ ანდაზას ვიხმარ, ვიღაცისგან წიხლი არარიო საწყენიო... აღარ დავაკონკრეტებ. ასე შევუთვლი დღეს, რაც მან გუშინ საღამოს იკადრა.  კიდევ ერთხელ ვამბობ, ვაფიქსირებ, რომ არ ვერევი ბატონო პოლიტიკაში....

ჩემთვის მთავარია ქვეყანა, მოსახლეობის ჯანმრთელობა ამისთვის ვდგავარ და ამ ჩემს გამოცდილებას ვახმარ ამას...

რესპირაციულ ვირუსს და რესპირაციული ვირუსის სეზონზე, სიცივეც, თოვლიც, წყალიც, ყველაფერი ეს ხელს უშლის და ხელს უშლის ის დიდი შეკრებები, რაც ხდება. ყველაფერი ერთად აღებული",- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები