სად შეგიძლიათ კოვიდ19-ზე ტესტის გაკეთება რუსთავში

2020-11-18 00:58:58

COVID19-ით ინფიცირებულთა მატებასთან ერთად, რუსთავში იმატა PCR ტესტირების მსურველთა რაოდენობამაც.

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში კოვიდ19-ის ახალი შემთხვევების რეკორდი ყოველდღიურად იხსნება, მოქალაქეებიც უფრო აქტიურად იმოწმებენ თავს კორონავირუსულ ინფექციაზე. "ინფო რუსთავს" ხშირად უკავშირდებიან კითხვით, სად შეიძლება რუსთავში ტესტის ჩატარება და რა პროცედურების გავლაა ამისთვის საჭირო.

თუკი პირი სავალდებულო ტესტირების დადგენილ წესს არ ექვემდებარება, მაგრამ სურს გაიკეთოს ტესტი, ამ შემთხვევაში, მან თავად უნდა მიმართოს იმ ლაბორატორიებს, სადაც PCR ტესტირება ტარდება ან ცხელებით უნდა მოათავსონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში.

როგორ გაიკეთოთ PCR ტესტი რუსთავში? საინფორმაციო სააგენტო გთავაზობთ კლინიკებისა და ლაბორატორიების ჩამონათვალს ინსტრუქციებთან ერთად.

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო - ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ დაწესებულებაში განთავსებულ ცხელების ზონაში ტესტი უტარდებათ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც ცხელება აქვთ და აუცილებლად სტაციონარიზაციას საჭიროებენ. მაშასადამე, თუ თქვენ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას არ საჭიროებთ, ცენტრალურ საავადმყოფოში ტესტს ვერ ჩაიტარებთ.

კლინიკა "რუსთავი" - კლინიკა რუსთავში კოვიდის მიმღები ცენტრია განთავსებული და აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში საკვლევ მასალას იღებენ ცხელების მქონე პაციენტებისგან, რომლებიც ამავე კლინიკაში 112-მა შეიყვანა და ასევე მათგანაც, ვინც კლინიკას თვითდინებით მიმართა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ადგილები ამ დროისთვის შეზღუდულია.

N2 დიაგნოსტიკურ ცენტრი - შეიძლება ითქვას, რომ დღის განმავლობაში, ყველაზე მეტი ადამიანი რუსთავში N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში იღებს ტესტს კორონავირუსზე. ტესტის გაკეთება აღნიშნულ კლინიკაში ახლა უკვე წინასწარი ჩაწერით არის შესაძლებელი. ასე მაგალითად, კლინიკის ადმინისტრაციაში მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დამოუკიდებლად არ მიიღონ გადაწყვეტილება ტექსტის გაკეთების შესახებ და დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს. თუ ოჯახის ექიმი გადაწყვეტს, რომ ტესტი უნდა გაიკეთოთ, ამის შემდგომ მოხდება კლინიკაში პროცედურაზე თქვენი ჩაწერა. თუ თვითდინებით მიმართავთ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებას, დიდი ალბათობით, რიგში დგომა მოგიწევთ, ტესტი კი არ ჩაგიტარდებათ.

N1 დიაგნოსტიკური ცენტრი - ბიოლოგიურ საკვლევ მასალას კოვიდ19-ზე შემოწმებისთვის იღებენ N1 დიაგნოსტიკურ ცენტრშიც. თუ თქვენ აღრიცხვაზე სწორედ ამ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებით, უნდა დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს და კოვიდ19-ზე ტესტის ასაღებად ჩაეწეროთ სწორედ ამ პოლიკლინიკაში.

რაც შეეხება რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრს, ძირითად შემთხვევაში, ცენტრში ტესტავენ უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს. ცენტრის ლაბორატორია N1 დიაგნოსტიკური ცენტრის მეორე ფლიგელშია განთავსებული.

ეს არის ის ძირითადი ჩამონათვალი, სადაც კოვიდ19-ზე მოქალაქეების ტესტირება რუსთავში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა, დიდი ალბათობით, ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც აღრიცხვაზე იმყოფებით, შეუძლია აიღოს თქვენი ბიოლოგიური საკვლევი მასალა ლაბორატორიაში გასაგზავნად ან დაგაკვალიანოთ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით დაუკავშირდებით.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები