"სრული განუკითხაობაა"

2020-11-08 00:55:41

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთაველი კოვიდინფიცირებულის რაულ წულაიას ოჯახის წევრები დაუკავშირდნენ, რომლებმაც კოვიდსასტუმროში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

მათი განცხადებით, ინფიცირებულ კაცს ყურადღებას არავინ აქცევს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმდება და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას საჭიროებს. რასაც ითხოვს თავად ოჯახიც, თუმცა მოთხოვნაზე პასუხს ვერავისგან ღებულობენ.

"დადასტურებული კოვიდინფიცირებულია რაულ წულაია. გადაყვანილია კოვიდსასტუმროში უკვე მესამე დღეა. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვესაუბრებოდით, კვებით კმაყოფილი იყო, მაგრამ ამბობდა, რომ სამედიცინო შემოწმება არ უტარდებოდა. თვითონ პაციენტი წნევის მატარებელია, ამის დამადასტურებელი საბუთებიცა გვაქვს, რომ თირკმელებზე ჰქონდა პრობლემა და დღემდე პრეპარატებს იღებდა.

ამ დილით დავურეკეთ და 72 წლის მამაკაცი, რომელზეც ცრემლი არ მინახია, ღრიალებდა. საპირფარეშოში შევიდა, წაქცეულა, არავის ყურადღება არ მიუქცევია. გონზე რომ მოვიდა, ტელეფონზე დარეკა, რომ იკითხა, დაზიანებულიაო ტელეფონიო, ასე უპასუხეს. პაციენტთან არავინ არ იყო შესული იმ დრომდე, სანამ ჩვენ არ მივედით ადგილზე და, ცოტა უხეში გამონათქვამია, არ ავაწიოკეთ იქაურობა. გამოვიდნენ სრულიად უნიღბოდ კოვიდინფიცირებულები, დაცვის თანამშრომელი, მომსახურე პერსონალი, ყველანი უნიღბოდ. წინა საღამოს ვინც იყო ექიმი, რეალურად არ იცოდა ამ პაციენტის შესახებ.

სამედიცინო პერსონალი არავინ არ იმყოდებოდა, ჩამოვიდა ვიღაცა ქალბატონი, ეჭვი შემეპარა, რომ ის ექიმი ყოფლიყო.

მე თვითონ პაციენტს შევუძინე წამლები, წყალი და მივაწოდე. პაციენტი არის ძალიან სუსტად. როგორმე უნდა მივაღწიო იმას, რომ პაციენტი გადავიყვანოთ საავადმყოფოში",- აცხადებენ წულაიები ოჯახში.

მათი თქმით, ცუდად იყო კოვიდინფიცირებულის მეუღლეც. ოჯახი ორი დღის განმავლობაში ცდილობა სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებასთან დაკავშირებას. მათი განცხადებით მას შემდეგ, რაც მათ მედიაში დარეკვით დაემუქრა, სასწრაფო მალევე მივიდა და ქალი ინფექციურში კორონავირუსზე გამოსაკვლევად გადაიყვანეს.

"2 დღის განმავლობაში ვრეკავდით 112-ზე, გვამისამართებენ ათასგან. გვიან საღამომდე ქალბატონი დამძიმდა, უჰაერობა დაეწყო, დავრეკეთ და ვუთხარით, თუ ერთ საათში არ მოაგვარებთ ამ ქალბატონის გადაყვანის ამბავს, მე ვრეკავ მედიაში და დაგაყენებთ თავზეთქო. იცით რა მოხდა, 15 წუთში სასწრაფო ადგილზე გაჩნდა და ადგილიც გამოჩნდა ქალაქის საავადმყოფოში. გადაყვანილია ინფექციურში და ველოდებით ანალიზების ჩატარებას.

სრული განუკითხაობაა, კოვიდსასტუმროში მომსახურე პერსონალი იძახის და ითხოვს, იქნებ მოგვექცეს ყურადღებაო",- განუცხადეს "ინფო რუსთავს" წულაიების ოჯახმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები