"ნაკადებს ვეღარ ვუძღვებით"

2020-11-10 00:36:45

"ინფო რუსთავს" კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა და უთხრა, რომ კოვიდ19-ზე ტესტის ასაღებად, რიგში დგას. მათი ინფორმაციით, ტესტირების გასაკეთებლად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში უკვე ჩაეწერნენ და რიგი 3 დღეში უწევთ.

ხალხის დიდ ნაკადზე საუბრობენ რუსთავის #2 დიაგნოსტიკურ ცენტრშიც, სადაც კოვიდ19-ზე ტესტი, დღის განმავლობაში, ყევლაზე მეტ რუსთაველს უტარდება.

ცენტრის დირექტორის მოადგილე, რუსუდან ადამია საზოგადოებას მოუწოდებს, ოჯახის ექიმთან გასაუბრებამდე, ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებას კორონავირუსზე ტესტის გაკეთების შესახებ.

"ძალიან ბევრი ხალხია და ყველას ვერ მივიღებთ ერთ დღეს და ვაკეთებ ჩაწერებს. ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდეს ყველა, ვისაც აქვს ჩივილი და დააკვალიანებენ უნდა გაიკეთოს თუ არა ტესტი იმიტომ, რომ ჩვეულებრივი ვირუსების სეზონია. პაციენტმა თავისი სურვილით არ უნდა გაიკეთოს ტესტი, უნდა დაუკავშირდეს ექიმს, არც  112-ს, პირად ექიმს უნდა დაუკავშირდეს. 112-ში იმდენი ზარები შედის, ვეღარ ეკონტაქტებიან პაციენტებს. როცა არის აუცილებელი ტესტის გაკეთება, უნდა მოხდეს ჩაწერა, ნაკედებს ვეღარ ვუძღვებით ჩვენ.

დღეს რომ დარეკავს პაციენტი, ვერ გავუკეთებთ ტესტს იმიტომ, რომ რიგია, ჩაწერილები არიან. არც ვიცით როდის მოუწევს. საქმე იმაშია, რომ თბილისის ლაბორატორიები ვეღარ ასწრებენ", - განაცხადა რუსუდან ადამიამ.