დაიხურება თუ არა კერძო ბაღები რუსთავში

2020-11-06 15:28:23

ბაგა-ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილება რუსთავში არსებული სააღმზრდელო დაწესებულებების დახურვის შესახებ კერძო ბაღებზე არ ვრცელდება. როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, შეაჩერებენ თუ არა კერძო ბაღები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს, ნებაყოფლობითია და დამოკიდებულია თავად მეპატრონეების გადაწყვეტილებაზე.

საინფორმაციო სააგენტოს კითხვით, შეწყდებოდა თუ არა სააღმზრდელო პროცესი რუსთავის კერძო ბაღებში, ათობით მშობელი დაუკავშირდა. კითხვაზე პასუხის გარკვევის მიზნით, ქალაქში არსებული რამდენიმე კერძო ბაგა-ბაღის მფლობელს ვესაუბრეთ.

"მილენიუმის" მეპატრონის, ელზა ლეკვეიშვილის თქმით, ის ბაგა-ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედებას და გამომდინარე აქედან, ბაღის დახურვას აპირებს.

რაც შეეხება "ლამპარსა" და "ბალავარს", აღნიშნული ბაღების მეპატრონეები "ინფო რუსთავსთან" აცხადებენ, რომ სააღმზრდელო პროცესის შეჩერებას არ აპირებენ და დასწრების მაჩვენებელიც ბაღებში საკმაოდ მაღალია.

ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ "მზეკაბანსა" და "Kidland"-ში. მეპატრონეების თქმით, ისინი აღნიშნულ საკითხს მშობლების პოზიციის მოსმენის შემდეგ გადაწყვეტენ.

შეგახსენებთ, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების განცხადებით, რუსთავში არსებული საჯარო ბაღები 9 ნოემბრიდან დაიხურება და ფუნქციონირებას 25 ნოემბერს განაახლებს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები