"არცერთ ოქმში დისბალანსი არ არის"

2020-11-05 19:22:24

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში 61 საჩივარი შევიდა, საიდანაც კოისიამ 11 არ დააკმაყოფილა, 41 კი საერთოდ არ განიხილა.

"61 საჩივარი შემოვიდა და საჩივრების შემოსვლის ვადა უკვე ამოიწურა. 43 საჩივარი არ განვიხილეთ, 11 კი არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში არცერთ ოქმში დისბალანსი არ არის, ამასთან, ატვირთულია შესწორების ოქმები. ძირითადი ნაწილი საჩივრების განუხილველად არის დარჩენილი, რადგან არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შემოტანილი, რასაც არ იხილავს საოლქო საარჩევნო კომისია", - აცხადებს რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური.

"ინფო რუსთავმა" აფციაურს ჰკითხა, რით აიხსნება შემაჯამებელი ოქმების ნაწილზე მნიშვნელოვანი ნაკლებობა ან მეტობა, რომელიც ამომრჩევლის საერთო რაოდენობასა და მიცემულ ხმებს შორის მოდის და ნიშნავს თუ არა ეს დისბალანსს, რის საპასუხოდაც აფციაურმა განმარტა, რომ მეტობის დროს საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როდესაც რეგისტრატორებს ხელმოწერები გამორჩათ.

"როცა ნაკლებობა მოდის, ე.ი. სპეციალურ სიაში მყოფ პირს არ შეიძლებოდა მიეცა ხმა მაჟორიტარულ ოქმში, შეეძლო ხმა მიეცა მხოლოდ პროპორციულში. მაგალითად, უბნებზე ვინც მუშაობდნენ და არ ჰქონდათ რუსთავში რეგისტრაცია, ისინი იყვნენ უბნების სპეციალურ სიებში და არ ეკუთვნოდათ მაჟორიტარების ხმის მიცემა. გამოდის, რომ ხელმოწერა რჩება, ბიულეტენი კი ნაკლებია.

შესწორებული ოქმები ბალანსთან კავშირში არ არის იმიტომ, რომ ბალანსი ყველა უბანზე ჯდება. ბალანსს შესწორება არ შეხებია. რაც შეეხება მეტობას, ახსნა-განმარტებები წერია. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რეგისტრატორს შეიძლება გამორჩეს ხელმოწერა", - განაცხადა აფციაურმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით, პარტიამ არაერთი საჩივარი შეიტანა რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომლითაც 52 უბანზე ითხოვდნენ ხმების გადათვლას. როგორც კირკიტაძემ განმარტა, აღნიშნულ უბნებზე განსაკუთრებულად დიდი რაოდენობის ბიულეტენები იყო ბათილად ცნობილი და გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ოქმებში დისბალანსს. მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ცინიკურია ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები არ განიხილა.

შეგახსენებთ, ოპოზიციური სპექტრი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს.

დღის განმავლობაში, არ შეწყვეტილა საპროტესტო ტალღა ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიებთან. ოპოზიციონერები და აქტივისტები არჩევნების შედეგებთან ერთად, ახლა უკვე აპროტესტებენ იმასაც, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დიდ ნაწილში, პოლიტიკური პარტიების მიერ შეტანილი საჩივრები არ განიხილეს, რაც, მათი თქმით, შედეგებზე რეალურ ცვლილებებს მოხდენდა.