"კირკიტაძე ნინო ლაცაბიძეს მაინც ვერ აჯობებდა"

2020-11-05 02:39:21

"ქართული ოცნების" წევრი ლექსო დალაქიშვილი კირკიტაძის ბრალდებებს პასუხობს და "ინფო რუსთავთან" აცხადებს რომ გაბათილებული ბიულეტენები სულ რომ კირკიტაძისთვის მითვლილი ხმები ყოფილიყო, ის არჩევნებში ნინო ლაცაბიძეს მაინც ვერ აჯობებდა.

"ჩვენ რუსთავში დამაჯერებლად მოვიპოვეთ ხმათა უმრავლესობა, გვქონდა მოლოდინი რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდით, თუმცა მოხდა ის რაც მოხდა.

აპელირება იმაზე, რომ ვითომდა კირკიტაძის მოგებული ბიულეტენებია გაბათილებული, თავშივე არასწორია, რომ აღარაფერი ვთქვათ არასერიოზულობაზე. სხვაობა ჩვენსა და მის პარტიას შორის იმდენად დიდია, რომ გაბათილებული ბიულეტენი სულ რომ კირკიტაძისთვის მითვლილი ხმები ყოფილიყო, მაინც არ იქნებოდა საკმარისი არსებული სხვაობის შემცირებისთვის.

ჩვენ ვაგრძელებთ ამომრჩეველთან შეხვედრებს და საკუთარი შედეგის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ვემზადებით მეორე ტურისთვის", - განაცხადა ლექსო დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ რომ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რუსთავში, დავით კირკიტაძე აცხადებს რომ მას არჩევბნები რუსთავში გაუყალბეს და რომ მისი მხარდამჭერი ასობით ბიულეტინები ბათილად სცნეს.

"3050 მხოლოდ მაჟორიტარული ბიულეტენი იქნა გაუქმებული საუბნო კომისის წევრების მიერ, 12 რუსთავის ოლქში. მათი უმრავლესობა იყო ისეთი სადაც აშკარადაა ამომრჩევლის ნება გამოხატული", - წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დავით კირკიტაძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია არჩევვნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობს და მათი კანდიდატები მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით კი, მიუხედავად ბოიკოტისა, მეორე ტური მაინც გაიმართება.