2 ბიულეტენზე გაკეთებული სხვადასხვა არჩევანი

2020-11-05 22:03:39

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, #12 რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარულ ოლქში, "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატს ნინო ლაცაბიძეს იმაზე მეტი ხმა მისცეს, ვიდრე თავად "ქართულ ოცნებას".

შედეგების მიხედვით, პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" რუსთავში 33 815 ხმა, ანუ 44,29% მიიღო, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ კი 35 585 ხმა, ანუ 47,38% მოიპოვა.

ამ მონაცემებიდან ირკვევა, რომ რუსთავსა და გარდაბანში 1 770-მა ამომრჩეველმა 2 სხვადასხვა ბიულეტენზე არაერთგვაროვანი არჩევანი გააკეთა. ანუ, მაჟორიტარულში 41 ნომერი შემოხაზა და ხმა ნინო ლაცაბიძეს მისცა, თუმცა პროპორციულში პარტია "ქართულ ოცნებას" მხარი აღარ დაუჭირა.

შეგახსენებთ, რუსთავისა და გარდაბნის 10 თემში საკმარისი ხმების დაგროვება ვერცერთმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვერ შეძლო, ამიტომაც #12 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციური სპექტრი რიგ დარღვევებზე საუბრობს, ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვს. ოპოზიციურმა პარტიებმა მიღებულ საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს და განაცხადეს, რომ მონაწილეობას არც მეორე ტურში მიიღებენ, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თქმით, მეორე ტური მაინცა ჩატარდება, რადგან მისი პროცედურულად გაუქმება არ არსებობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები