“კონსტიტუციის ახალი ჩანაწერი გახდება იმის მტკიცე გარანტია, რომ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსი არ გასხვისდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე” -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო გუნდს შორის გამართული კონსულტაციის საფუძველზე ერთსულოვნად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ კონსტიტუციური ჩანაწერით დაცული იქნას, მოქალაქეების სტრატეგიული ინტერესი. ქართული მიწა დარჩეს მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებისა და მათი გაერთიანებების საკუთრებაში.
მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღება მოხდა მიწის ფაქტორის, არსებული და პოტენციური საბაზრო ღირებულების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკურ ზრდაში მიწის გასხვისების წვლილის, სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულების შეძენის არსებული პრაქტიკისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.