პროკურატურა ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმებას მოითხოვს

2020-11-03 12:53:15

გენერალურმა პროკურატურამ სასამართლო ნიკა მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების დამძიმების მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად პროკურატურა ავრცელებს.

"2020 წლის 03 ნოემბერს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმების მოთხოვნის შუამდგომლობით მიმართა. აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ, მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობის დარღვევის ფაქტი, კერძოდ: როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, 2020 წლის 01 ნოემბერს, ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას -  საქართველოს პარლამენტის სასახლესთან განცხადებების გაკეთებისას, დემონსტრაციულად მოახდინა ელექტრონული მონიტორინგის უზრუნველმყოფი მოწყობილობის მოხსნა და მოშორება.

ბრალდებულმა აღნიშნული ქმედებით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობა. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით გამოყენების შესახებ. დამატებითი ღონისძიების სახით ასევე მოთხოვნილია ნიკანორ მელიასთავის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვების აკრძალვის დაწესება, ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე",- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და ხალხში ისროლა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები