ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადება

2020-11-03 12:31:34

ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და არალეგიტიმურად ცნეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.

მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც არცერთი პარტია, რომელმაც ცესკოს მონაცემების მიხედვით პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შევა.

"2020 წლის 31 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის და დაშინების, სუსის და კრიმინალური სამყაროს კოორდინირებული ზეწოლის, მასშტაბური მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩევლის ნებაზე ძალადობით გავლენის მოხდენის პირობებში. ამას თან დაერთო საარჩევნო ოქმებით მანიპულაცია და კარუსელი, რამაც მნიშვნელოვნად დაამახინჯა არჩევნების შედეგები. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულმა საბოლოო შედეგებმა არ ასახა საქართველოს მოქალაქეების ნება. ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის სრულიად ნათელია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა უარი უთხრეს ივანიშვილის მმართველობას და არ მისცეს მას მესამე ვადით ქვეყნის მართვის მანდატი. შესაბამისად, ეს პარლამენტი არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. ამიტომ ჩვენს, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც გაგვიყალბეს არჩევნები, უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე",- ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

დოკუმენტზე ხელი ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოაწერეს.

ხელი მოაწერეს პარტიებმა : "ლეიბორისტები", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "სტრატეგია აღმაშენებელი", "მოქალაქეები", "რესპუბლიკელები", "სახელმწიფო ხალხისთვის", "ევროპელი დემოკრატები", "კანონი და სამართალი", "ერთიანი საქართველო", "ტრიბუნა", "გამარჯვებული საქართველო", "სამართლიანობისთვის", "სუბიექტი თავისუფლება".

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები