"ამას არჩევნებს ვერ დავარქმევ, ეს იყო სპეცოპერაცია"

2020-11-02 18:35:44

პარტია "ევროპული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირმა ნადირაშვილის, შეფასებით რუსთავში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღემ დარღვევებით ჩაიარა და მას არაფერი ჰქონდა საერთო სამართლიან არჩევნებთან.

"ის, რაც რუსთავში ხდებოდა ამას არჩევნებს  ვერ დავარქმევ. ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია. მე-19 მიკრორაიონში ერთ-ერთ უბანზე იარაღიანი ადამიანები დარბოდნენ. ოქმები პირდაპირ არის ჩასწორებული და გადასწორებული. პირდაპირ ოცნების ადამიანები იდგენენ და ფულს კონვერტებით არიგებდნენ.

ამიტომ ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, რასაც არანაირი საერთო არ ჰქონდა სამართლიან არჩევნებთან და ნების გამოხატვასთან. უბნების გარეთ ე.წ. ქუჩის ბიჭები იყვნენ ჩასაფრებულები. შესაბამისად, ვთვლი, რომ აქ არჩევნები არ ჩატარებულა",- განუცხადა ინფო რუსთავს ირმა ნადირაშვილმა.

"ევროპულმა საქართველომ" განცხადება გააკეთა და სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად ისინი პარლამენტში შესვლას არ აპირებენ, რადგან ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ლეგიტმურად არ ცნობენ.

ნადირაშვილის განცხადებით, ისინი ყოველდღიურად აქციების გამართვას აპირებენ, ხოლო 7 ნოემბერს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტის წინ დიდ აქციას გამართავენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები