"მეორე ტურს არ აღვიქვამ პრობლემად"

2020-11-01 18:33:41

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პროპორციული სიის 45-ე ნომრემა, ალექსანდრე დალაქიშვილმა, რუსთავში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები შეაფასა.

მისი განცხადებით, რუსთავში არჩევნები დემოკრატიულ რეჟიმში ჩატარდა და თუ "ქართული ოცნების" რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე პირველივე ტურში გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, ეს მათთვის პრობლემა არაა, პირიქით მაჩვენებელია იმისა, რომ არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა.

"მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული მცდელობები იყო რიგი ოპოზიციური კანდიდატებისა და მათ მიერ მობილიზებული ჯგუფების მხრიდან, რომ რაღაცა პროვოკაციები ყოფილიყო, ვფიქრობ, მშვიდ გარემოში ჩაიარა არჩევნებმა. დემოკრატიული გარემო იყო შექმნილი, იმისთვის, რომ თავისუფალი არჩევანი გაკეთებულიყო.

ვფიქრობ გამარჯვება მოპვებულია. ჩვენ საკმაოდ დიდი სხვაობით ვლიდერობთ, რა მონაცემებიც შემოდის საოლქოდან და ჩვენი მონაცემებითაც დაახლოებით უბნების 80% ჩვენი მოგებით დასრულდა.

მეორე ტურს არ აღვიქვავ პრობლემად. იქიდან გამომდინარე, რომ მეორე ტურიც ნიშანია იმისა, რომ დემოკრატიულად მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში არჩევნები.

ყველა სხვა ოლქებშიც ჩვენი კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ და ეს დემოკრატიულობის ნიშანია. მაღალი ხარისხის. მეორე ტურის შემთხვევაშიც, დარწმუნებული ვარ, გამარჯვება იქნება კიდევ უფრო დამაჯერებელი",- განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.