რუსთავში, სათვალთვალო კამერა კაბინის თავზე

2020-10-31 16:57:48

რუსთავის #1 საარჩევნო უბანზე, სამეთვალყურეო კამერა იმ ადგილასაა დამინტაჟებული, სადაც ხმის მისაცემი კაბინებია განთავსებული.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნული უბნიდან საჩივარი შევიდა.

“ინფო რუსთავი” ფაქტით დაინტერესდა და გადამღები ჯგუფი #1 საარჩევნო უბანზე მივიდა. საინფორმაციო სააგენტოს კომისიის თავმჯდომარემ თავდაპირველად განუცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, იყო თუ არა ჩართულ მდგომარეობაში სამეთვალყურეო კამერა იმ დროს, როცა ამომრჩეველი ხმის მიცემას ახორციელებდა. აღსანიშნავია, რომ კომისიის წევრებმა მხოლოდდამხოლოდ ჟურნალისტების მხრიდან ფაქტით დაინტერესების შემდეგ გადაამოწმეს მუნიციპალური თეატრის შენობის ადმინისტრაციასთან და განგვიცხადეს, რომ კამერა ჩართულ მდგომარეობაში დღის განმავლობაში არ ყოფილა.

საპირისპიროს ამტკიცებს არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელი ქეთევან ივანიძე, რომელმაც აღნიშნულთან  დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საჩივარი შეიტანა. დამკვირვებლის თქმით, მან საჩივრის შედგენამდე  თეატრის ადმინისტრაციასთან გადაამოწმა და მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კამერა ჩართულ მდგომარეობაში იყო. 

მას შემდეგ, რაც საჩივარი დაიწერა, უბანზე კაბინების განლაგება შეიცვალა. კაბინები შეატრიალეს და კამერისთვის აღქმადი დაფარული მხარე გახდა.

აღსანიშნავია, რომ #1 საარჩევნო უბანზე ხმა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ დილის საათებში მისცა.