"იქნება თუ არა მეორე ტური რუსთავში?"

2020-10-31 13:59:57

რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა უკვე მისცა. "ინფო რუსთავმა" იმ მაჟორიტარების ხმის მიცემის პროცესი გადაიღო, რომლებმაც საკუთარი არჩევანი რუსთავში დააფიქსირეს.

"მე ხმა მივეცი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, იმის წინააღმდეგ, რომ საქართველო იძრებოდეს ჭაობში, ადამიანები ღარიბდებოდნენ,  ირღვეეოდეს ადამიანების უფლებები, მე ხმა მივეცი ნაბიჯს ევროპისკენ", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ირმა ნადირაშვილმა, რომელმაც ხმა #62 საარჩევნო უბანზე მისცა.

კითხვის საპასუხოდ, იქნება თუ არა რუსთავსა და გარდაბნის ნაწილში მე-2 ტური, ნადირაშვილი აცხადებს, რომ: "დარწმუნებული ვარ იქნება".

ნადირაშვილისგან განსხვავებით, მეორე ტურს არ განიხილავს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.

"ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის განვითარებას, უკეთეს ყოფაში ცხოვრებას, სიღარიბის დამარცხებას, უიმედობის დამარცხებას და ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნებას.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო გაიმარჯვებს პირველივე ტურში. საქართველოს ყველა მოქალაქე გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება და ყელში აქვს ყველას ამოსული, როგორც  რუსთავში, ისე მთელს საქართველოში. დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი", - განაცხადა დავით კირკიტაძემ, რომელმაც ხმა #52 საარჩევნო უბანზე მისცა.

პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვებაშია დარწმუნებული "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე.

ლაცაბიძემ ხმა რუსთავის #2 საარჩევნო უბანზე მისცა.

"ის არჩევანი, რომელიც მე გავაკეთე, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში განვითარების ახალი ეტაპი, რომლის ნაწილიც აუცილებლად იქნება რუსთავი და გარდაბანი. რაც შეეხება შედეგებს, ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გამარჯვება იქნება ღირსეული პირველივე ტურში და სულ რამდენიმე საათი რჩება იმისთვის რომ გამარჯვება ვიზეიმოთ", - განაცხადა ლაცაბიძემ.

#49 საარჩევნო უბანზე მისცა ხმა მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გელა ნაკაშიძემ. ნაკაშიძის თქმით, მას გამარჯვების იმედი აქვს, თუმცა არა პირველივე ტურში.

"მე ხმა მივეცი დამოუკიდებელ კანდიდატს იმიტომ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უკეთესად შეასრულებს რომ გაიტანოს პარლამენტში რუსთაველების ინტერესები. მაქვს გამარჯვების იმედი, ისე კანდიდატურას არ დავაყენებდი, თუმცა პირველივე ტურში ეს არ მოხდება, არითმეტიკაში არ ჯდება, საჭირო იქნება მეორე ტური", - აღნიშნა ნაკაშიძემ.