საზოგადოება "რუსთაველების" მორიგი პროექტი [photo]

2020-10-29 20:48:41

რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრში, საზოგადოება "რუსთაველებისა" და ბიზნეს სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, შემოღობვის სამუშაოები განხორციელდა და ცენტრის ბენეფიციარებისთვის სპორტული მოედანი, ასევე გასართობი კუთხე მოეწყო. მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა.

ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით, დამონტაჟდა სამეთვალყურეო კამერებიც.

როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ზერეკიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ცენტრისთვის შემოუღობავ ტერიტორიაზე ფუნქცონირება, სადაც უცხო პირთა შეღწევადობა საკმაოდ მარტივი გახლდათ, წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო.

"წლების განმავლობაში იყო ღობის მოწყობა ჩვენი პრობლემა, რადგან ბავშვები გარეთ ვერ გამოგვყავდა და ვერანაირ აქტივობას ვერ ვაკეთებდით. შემოდიოდნენ უცხო პირები და იყო საშინელი სიტუაცია, სპორტული მოედანი კი ისეთი ოცნება იყო ჩვენი, რომელსაც ვერც წარმოვიდგენდით. მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოება რუსთაველებს 2 თვეში ამ ყველაფრის გაკეთებისათვის. ისეთი ბედნიერები ვართ თანამშრომლები, ერთი სული გვაქვს დამთავრდეს პანდემია და მოვიდნენ ბავშვებიც, გაიხარონ", - განაცხადა ნანა ზერეკიძემ.

საზოგადოება "რუსთაველების" წარმომადგენლის, ლაშა ნოზაძის თქმით, შშმ პირთა ცენტრს უამრავი საჭიროება აქვს და ეს მხოლოდ დასაწყისია.

"მათ სჭირდებათ უამრავი რამ, ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს ეზო, საერთოდ სხვა შეკრების ადგილი იყო და ვთხოვეთ "რუსთაველებმა" რუსთაველებს, რომ განსაკუთრებული ნიჭების მქონე ბავშვების ადგილია და ასე არ მოვიქცეთთქო და მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რომ ეზო ეზოს გავს უკვე და ეს აღარ ხდება.

ყველაზე საჩქარო ალბათ იყო ტერიტორიის დაცულობა, ვგულისხმობ ღობეს, ვიდეო კონტროლს და პირველ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ბავშვებმა მოახრხონ თავიანთი ფიზიკური ნების გამოხატულება. ეს არის პირველი ნაბიჯები, რომელიც გვიკარნახებს, საით იქნება სრულყოფილება ამ ბავშვებისთვის", - განაცხადა ლაშა ნოზაძემ.

ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც შშმ პირთა ცენტრში მოეწყო, "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ და საპარლამენტო სიის 45-ე ნომერმა ალექსანდრე დალაქიშვილმა მოინახულეს.