ავარიას რუსთავში არასრულწლოვანი ემსხვერპლა

2020-10-28 00:36:25

ავარიას რუსთავში არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ავტოსაგზაო შემთხვევა XIX მიკრორაიონის მიმდებარედ, მინდორში მოხდა. არსებული ინფორმაციით "ოპელი"-ს მარკის ავტომობილს 19 წლის გოგო მართავდა, სავარაუდოდ მან საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა გადატრიალდა.

ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 15 წლის ბიჭი, ხოლო 3 დაშავებული "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ 27 წლის მამაკაცს რომელსაც ჰქონდა მოტეხილობა და საჭიროებდა ნეიროქირურგიულ ჩარევას გადაყვანილ იქნა თბილისში, კლინიკა "დეკა"-ში. 23 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა თავის ზედაპირული ტრამვები, ხოლო 19 წლის გოგოს ტრამვა ჰქონდა გულმკერდის არეში. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ და კლინიკიდან უკვე გაეწერნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.