"გუბერნატორი წამოწოლილია სახლში და ჩვენს ხელფასს იღებს",- რუსთავის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა ნაკაშიძე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან მივიდა და აქცია გამართა.
ნაკაშიძე სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან, შეხვედრას ითხოვდა, თუმცა როგორც დაცვის წევრმა განუმარტა, რეხვიაშვილი შეხვედრაზე იმყოფებოდა.
"მე ვაპროტესტებდი დაზიანებულ მანქანას, აგრეთვე ქართული ოცნების ოფისის წინ ჩემი მანქანიდან საფულის ამოღებას. დავინახე, უკვე ორი გაუხსნელი საქმე დაემატა ჩემი სახით ბოლო ერთ კვირაში.
ცხოვრებაში პოლიციაში საჩივარი არ შემიტანია, რომ რამე დამეკარგა, რამე მომპარეს ან რამე დამიზიანდა და ბოლო ერთ კვირაში მოხდა ეს ორივე. ერთი ქართული ოცნების წინ და მეორე, როდესაც ქართულ ოცნებაზე დავიწყე ღიად ბრძოლა. ესეიგი ღია ბრძოლას მოყვა ეს მანქანის დაზიანება.
ამასთა ერთად ვაპროტესტებ აურჩეველ გუბერნატორს, რომელიც არის დანიშნული და ის ვერ ეხმიანება საზოგადოების ხმას. ის არის მორჩილი ხელისუფლების. მე დღეს, გელა ნაკაშიძე, ვაყენებ საკითხს, ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტში კანონპროექტს შევიტან, რომ გუბერნატორი იქნას არჩეული, როგორც სხვა თანამდებობის პირები.
ეს გააკეთა სისტემამ. გუბერნატორი ვერ უზრუნველყოფს მშვიდობას. ხელისუფლების წარმომადგენელია და რეალურად მშვიდობა უნდა უზრუნველყოს გუბერნატორმა. ქალაქში თუ რამე ხდება ხელისუფლებამ უნდა მიხედოს, რომ არ მოხდეს ვანდალიზმი, ძალადობა. ანუ საარჩევნო გარემოს ხელი უნდა შეუწყო.
გუბერნატორს, როგორც ქართული ოცნების, მთავრობის წარმომადგენელს, გარანტს მშვიდობისას, პასუხს ვთხოვ, რომ უზღუნველყოს ასეთი ვანდალური ფაქტები აღარ მოხდეს",- განუცხადა "ინფო რუსთავს" გელა ნაკაშიძემ.
გარდა ამისა, რუსთავის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შესასველის კარზე თავისი სააგიტაციო პლაკატის გაკვრა სცადა, თუმცა დაცვამ ამის საშუალება არ მისცა.