"ეს გეგმა არის დისკრიმინაციული" [photo]

2020-10-26 19:46:28

რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის, მიერ წარდგენილი 5 პუნქტიანი გეგმა განიხილეს და განაცხადეს, რომ ეს გეგმა არის დისკრიმინაციული და საზოგადოებაში შუღლის წარმოქმნას უწყობს ხელს.

"რუსთაველი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შევიკრიბეთ, რადგან განგვეხილა დავით კირკიტაძის 5 პუნქტიანი დაპირება, რომლითაც რუსთავის მოსახლეობა სიღარიბიდან გამოსვლას უპირებს.

პირდება, რომ დაუკანონებს თვითნებურად შემოღობილ ეზოებს სახლთან, ავტოფარეხებს, რომლებიც ისედაც ამახინჯებს რუსთავის იერსახეს. უნდა ვთქვათ, რომ მოსახლეობაში ზოგს აქვს აშენებული ავტოფარეხები და ზოგს არაა აქვს. შესაბამისად, დისკრიმინაციულ სიტუაციაში აყენებს, რაც შესაძლოა შუღლის გაღვივების მიზეზიც კი გახდეს, იმიტომ რომ ერთსა და იმავე შემოღობილზე ადამიანები ამბობენ რომ მათია.

ყველაზე მეტად რაც არ მოგვწონს ამ 5 პუნქტიან გეგმაში სამოქალაქო სექტორს, არის ის, რომ ვისაც არც გარაჟი აქვს, არც შემოკავებული ფართი და არც 900 კვადრატული, მათ პირდება, რომ გადასცემს 900 კვადრატული მიწის ფართობებს, რომელიც რუსთავის ტერიტორიაზე საერთოდ არ არის და თვითონ ამბობს, რომ ეს ტერიტორია ეკუთნის მარნეულს და შემდგომ უნდა გადმოაცემინოს.

ჩვენი შეფასებით ეს გეგმა არის დისკრიმინაციული, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში შუღლის გავრცელებას",- განაცხადა გივი შანიძემ.

შანიძის თქმით, დავით კირკიტაძის მიერ გაცემული დაპირებები, არის ტყუილი, რითაც ის რუსთაველი ამომრჩევლის ხმების მოპოვებას ცდილობს.

მისივე განცხადებით, რუსთავის სამოქალაქო სექტორი სხვადასხვა პარტიების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ გაცემულ დაპირებებს მონიტორინგს უწევენ და უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში მასზე ხმამაღლა საუბრობენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები