ენმ-ს მხარდამჭერი აქცია რუსთავის ცენტრალურ მოედანზე [photo]

2020-10-25 20:14:42

რუსთავში, ცენტრალურ მოედანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიამ“ მხარდამჭერებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით კირკიტაძე წარუდგინა და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მოაწყო.

კირკიტაძემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა იმ გამარჯვებას, რომელიც "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსთავში, 2018 წლის საპრეზიდენტო ერჩევნებზე მოიპოვა.

"ჩვენ დიდი ხანია აღარ ვართ თანამებრძოლები და თანაპარტიელები, ჩვენ დიდი ხანია ვიქეცით ერთ დიდ ოჯახად. ოჯახი, რომელიც ითვალისწინებს ყველაზე ხანშიშესულის და ყველაზე პატარას ინტერესებს. ოჯახი, რომლის მთავარი ამოცანაა, საქართველოში დაამარცხოს სიღარიბე, უმუშევრობა, უიმედობა, საქართველოში დაამარცხოს ოლიგარქი. და ჩვენ ვართ ოჯახი, რომელმაც ერთხელ ეს უკვე გააკეთა, ახლა ფეხზეა მთელი საქართველო. როგორც რუსთავმა და თელავმა 2 წლის წინ, მთელი საქართველო დადებს გამარჯვების ლელოს, მთელი საქართველო გაიმარჯვებს.

აქედან ვუგზავნით მესიჯს ოლიგარქ ივანიშვილს, ხომ დამიჭირე 2 წლის წინ იმისთვის, რომ ჩვენ ერთად მოვიგეთ, უფრო მეტნი მოვედით, უფრო დიდი მოედანი გავავსეთ. მეტსაც გეტყვით, აქ კირკიტაძეებიც კი უფრო მეტნი ვართ, აქ არის ჩემი 4 თვის შვილი", - ასე მიმართა სიტყვით გამოსვლისას დავით კირკიტაძემ რუსთაველ და გარდაბნელ მხარდამჭერებს.  

ცენტრალურ მოედანზე შეკრებილებს პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად, სიტყვით მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

"საოცრად ვამაყობ თქვენით და მადლობელი ვარ იმ დიდი გამარჯვებისთვის, რომელიც მოგვიტანეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე, თქვენ მიეცით მაგალითი მთელ საქართველოს. დიდი მადლობა, რომ მხარს უჭერთ დავითს, რომელსაც თავდავიწყებით უყვარს თავისი ქალაქი და სამშობლო", - განაცხადა სააკაშვილმა.

მაჟორიტარის წარდგენისა და საარჩევნო პროგრამის პორეზენტაციის შემდეგ, მუსიკალური ნომრები შეასრულა ლექს-სენმა.