რუსთავში ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა

2020-10-25 14:01:37

რუსთავში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ბიუსტი მისივე სახელობის სკვერშია განთავსდა.

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის სკულპტურა საზოგადოება "რუსთაველებისა" და რუსთავის მერიის ერთობლივი ინიციატივით, მოქანდაკე ვალერიან ჯიქიას მიერ შეიქმნა.

გახსნის ცერემონიას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე, მაჟორიტარობის კანდიდატი "პროგრესული საქართველოდან" ალექსანდრე კობაიძე და ბესიკ ჩუბინიძე, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი " ქართული ფესვებიდან".

ბიუსტის გახსნის ღონისძიების დასკვნით ეტაპზე საპატიო რუსთაველების დაჯილდოება გაიმართა.

შეგახსენებთ, რუსთავში რამდენიმე დღის წინ ასევე გაიხსნა ქართველი საზოგადო მოღვაწის მერაბ კოსტავას ბიუსტი.