"შევცვალეთ ვენტილატორი და ნაპერწკლის დამჭერი"

2020-10-21 21:18:58

კომპანია "ჯეოსთილმა" საწარმოში ახალი ვენტილატორი და ნაპერწკლის დამჭერი მოწყობილობა დაამონტაჟა.

ამის შესახებ საწარმოს ხელმძღვანელმა მე-6 მიკრორაიონში ახალი სპორტული მოედნისა და საბავშვო კუთხის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

კომპანიამ მოედანი და საბავშვო კუთხე სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მოაწყო და დაანონსა, რომ ახალ სპორტულ მოედანს მე-6 სკოლის ტერიტორიაზეც გააკეთებს.

"ჯეოსთილის" წარმომადგენლის თქმით, მათ დამატებით უკვე შეძენილი აქვთ მექანიკური გამაგრილებელი და გამაძლიერებელი ვენტილატორი, რათა მინიმალურამდე შემცირდეს ჰაერში მავნე ნივთიერებების გამოფრქვევის კოეფიციენტი.

ახალი სპორტული მოედანი და საბავშვო კუთხე "ჯეოსთილის" წარმომადგენლებთან ერთად პარტია "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ, ამავე პარტიის პროპორციული სიის 45-ე ნომერმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა, და რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, დაათვალიერეს.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კომპლექსურ ნაბიჯებზე და გარემოს დაცვის პრობლემების მოგვარებაზე, სწორედ დღევანდელი დღე არის საუკეთესო მაგალითი. ჩვენ "ჯეოსთილთან" ერთად წარმოვადგინეთ განვითარების გეგმა, რომ მათ ნაკლები ზიანი მიაყენონ გარემოს, თუ რა ხედვა აქვთ და კონკრეტულად რა ნაბიჯების გადადგმას აპირებენ. ასევე მათი სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში ჩვენ შევძელით და მათთან ერთად ამ უბანს შევძინეთ ახალი ლამაზი სპორტული და რეკრეაცილული სივრცე",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

"ჯეოსთილმა" დამატებით რუსთავის მერიას საჩუქრად გადასცა სატვირთო თვითმცლელი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ქალაქში სხვადასხვა სახის სამუშაოების შესრულების დროს გამოიყენებენ.

რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტის, გივი შანიძის, განცხადებით, ის და სხვა აქტივისტები მონიტორინგს გაუწევენ კომპანია "ჯეოსთილის" მიერ გაცემულ დანაპირების აღსრულებას.

შეგახსენებთ, რომ ქალაქის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა რუსთავში კიდე ორმა საწარმომ აიღო, რომლის ფარგლებშიც "რუსელოისი"  მშენებლთა ქუჩაზე ახალ სტადიონს აშენებს, ხოლო "ნიკა 2004" მე-15, მე-17 და მე-19 მიკრორაიონებში 1000 ძირ ხეს დარგავს.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები