რა ეტაპზეა რუსთავი-თბილისის ავტობუსების პროექტი [video]

2020-10-23 00:08:04

რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადასაყვანად 20 ახალი ავტობუსი დაინიშნება.[ვიდეო/video]

ამის შესახებ "ინფო რუსთავთან" საუბრისას თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა.

ბითაძის ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის მიერ 200 ახალი ავტობუსის შესაძენად სესხი დამტკიცებულია და შესყიდვის პროცედურაც დაწყებულია.

მისი თქმით, 2021 წლის გაზაფხულის ბოლოსთვის ცნობილი იქნება გამარჯვებული კომპანია, რის შემდეგაც ავტობუსების ეტაპობრივად შემოყვანა მოხდება, საიდანაც 20 ერთეული რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა ნაკადის გადაყვანისთვის გამოიყოფა.

"როგორც დაანონსდა, კავშირის რუსთავსა და თბილისს შორის  უზრუნველყოფილი იქნება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამის თაობაზე კახი კალაძემ განცხადება უკვე გააკეთა და მყისიერად დაიწყო მუშაობა ახალი ავტობუსების შეძენაზე.

როგორც ცნობილია, თბილისი მიმდინარე წელს ასრულებს მთლიანი ავტოპარკის განახლებას. ახლა იწყება ახალი შესყიდვის პროცედურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ფონდის მიერ 200 ახალი 19 მეტრიანი ავტობუსისთვის, საიდანაც დაახლოებით 20 ავტობუსი მოემსახურება სწორედ კავშირს თბილისსა და რუსთავს შორის",- განუცხადა ინფო რუსთავს მაია ბითაძემ.

ისევ უცნობია, თუ რომელი ლოკაციებიდან მოხდება რუსთავში მგზავრების აყვანა.

ბითაძის განცხადებით, თბილსის მერია ცოტახანში სატრანსპორტო გენერალური გეგმის შემუშავებას დაასრულებს და სწორედ ამ გეგმით განისაზღვრება ის ადგილები, სადაც მგზავრების აყვანა/ჩამოსმა მოხდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები