სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსთავშია.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა, ქვემო ქართლს სეზონური გრიპის 2500 ვაქცინა გადაეცა, რომელიც მუნიციპალიტეტებში არსებულ დიაგნოსტიკურ ცენტრებში უკვე გადანაწილდა.
ვაქცინაცია, პირველ რიგში, ხელმისაწვდომი რისკჯგუფებისთვის იქნება.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასოდ ხელმისაწვდომია C ჰეპატიტის, დიაბეტის, თირკმლის უკმარისობის მქონე და შიდსის მატარებელი ადამიანებისთვის, ორსულებისთვის, მოხუცთა თავშესაფრისა და ბავშვთა საოჯახო ტიპის ბენეფიციართათვის, ასევე მათი მომვლელებისთვის. ვაქცინაცია უფასოა სამედიცინო პერსონალისთვის. გასულ წელს, იმ ბენეფიციართა კატეგორიას, რომლებსაც ვაქცინაციით სარგებლობა უფასოდ შეუძლია, საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალი დაემატა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ გრიპის უპრეცედენტო, დაახლოებით 250 ათასი ვაქცინა იყიდა.
„ქვეყანაში გრიპის ვაქცინების უპრეცედენტო რაოდენობაა შემოტანილი. მიმდინარეობს გეგმური ვაქცინირება იმ რისკჯგუფების, რომლებზეც გეგმა არსებობს შედგენილი და ეს გეგმა წლების განმავლობაში სახეს იცვლის. ვაქცინების შემოტანა გრძელდება. სახელმწიფოს დაახლოებით 250 ათასი ვაქცინა აქვს ნაყიდი და ჩვენ ამ პროცესს ვაგრძელებთ“,- განაცხადა გახარიამ.