რაში იხარჯება ახალგაზრდებისთვის გამოყოფილი თანხები

2017-06-04 13:42:08

ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა გასულ, 2016 წელს 30 ღონისძიება გამართა, ცენტრის ბიუჯეტი კი 261 000 ლარს შეადგენდა, სულ ღონისძიებებზე 95 000 ლარამდე დაიხარჯა. გამართული 30 ღონისძიებიდან რუსთაველმა ახალგაზრდებმა მხოლოდ რამდენიმეს შესახებ თუ იციან, რაში დაიხარჯა ქალაქის ბიუჯეტი და რა პროექტები განხხორციელდა ახალგაზრდების განვითარებისა და ხელშეწყობის კუთხით. „ინფო რუსთავმა“ აღნიშნული თემის გაშუქების მიზნით ინფორმაცია რუსთავის თვითმმართველობიდან გამოითხოვა. ყველაზე ბევრი 44 550 ლარი საზაფხულო ბანაკისთვის გამოიყო, ასევე შედგა 7 ექსკურსია რომელზეც 8000 ლარამდე დაიხარჯა. 2000 ლარამდე დაიხარჯა ქოლგების ქუჩის მოსაწყობად, 6000 ლარი მკერავების გადამზადება-დასაქმებისთვის. 18 400 ლარი გამოიყო საახალწლო ღონისძიებებისთვის.

გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრმა 2016 წელს 11 ღონისძიებაში 80 000 ლარამდე დახარჯა, ხოლო დანარჩენ 19 ღონისძიებაზე 15 000 ლარამდე.

ცენტრს მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით ღონისძიებებისთვის ნაკლები თანხა, 191 835 ლარი გამოეყო. ამ მომენტისთვის, 23 000 ლარამდე უკვე დახარჯულია, ამ წელს (ახალი წლის შემდეგ) კვლავ გამოიყო თანხა საახალწლო-გასართობი ღონისძიებების დასაფინანსებლად, კონკრეტულად კი 5000 ლარი, ასევე პროგრამაში ვკითხულობთ, რომ თანხები დაიხარჯა სპექტაკლისთვის „ჯინსების თაობა“ (3000 ლარი), მოხეტიალე კინოთეატრი (3000 ლარი), ფერადი ზებრა გადასასვლელის მოხატვა (3300 ლარამდე), ეტალონი 2017 (3000 ლარამდე). დარჩენილი თანხით რომელიც 6000 ლარამდე არის 12 ღონისძიებას მოხმარდა. მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ცენტრის დირექტორის შრომის ანაზღაურების წლიურმა შემოსავალმა 30 000-ს გადააჭარბა.

რუსთაველი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ხშირად აღნიშნავს, რომ ქალაქში ახალგაზრდებისთვის საინტერესო არაფერი ხდება, სწორედ ამიტომ დავინტერესდით, თუ რა პროექტებს ახორციელებდა „ახალგაზრდობის განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“. ღონისძიებების ჩამონათვალიდან ვხვდებით, რომ პროექტების დიდი ნაწილი ისე განხორციელდა ან მათ შესახებ არ ჰქონდა ახალგაზრდებს ინფორმაცია, ან ასეთი ღონისძიებების მიმართ რუსთაველებს არ აქვთ ინტერესი.