"აქ დრამა არ არის, მხოლოდ კომედია" [photo]

2020-10-13 22:26:22

რუსთავი კომედიის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს

ფესტივალის პირველი დღე მარჯანიშვილის თეატრიის სპექტაკლით "მკაცრი ქალიშვილებით" გაიხსნა, რომლის რეჟისორიც კახა გოგიძეა.

თეატრალურ წარმოდგენაში მოქმედება 1940 წლის ზაფხულის პერიოდში ვითარდება და მთავარი პერსონაჟი სტუდენტი ნაპოლეონ ჭინჭილეიშვილია. ნაპოლეონი სხვა პერსონაჟებთან ერთად საგამოცდო მზადებაშია ჩაბმული. ის საერთო საცხოვრებელში ორ სტუდენტ ბიჭთან ერთად ცხოვრობს. წარმოდგენის დროს მაყურებელი თანაზიარი ხდება, მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ახალგაზრდა ბიჭებისა და გოგოების ცხოვრების.

კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი უკვე მეშვიდედ იმართება და ის 2014 წელს რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დააფუძნა.

"ფესტივალის შექმნის პერიოდში სლოგანი იყო, დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს და ამ ეტაპზე სლოგანი შეიცვალა და ახლაა, აქ დრამა არ არის, მხოლოდ კომედია. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ნახოთ",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ფესტივალის დამფუძნებელმა სოსო ნემსაძემ.

ფესტივალი რუსთავში 13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში 6 სხვადასხვა თეატრალურ დადგმას უმასპინძლებს.

სფექტაკლის მიმდინარეობისას ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის მიერ გაცემული რეკომენდაციები სრულად იყო დაცული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები