რუსთავაში, ბალანჩივაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ძაღლები მოწამლეს. შემთხვევის შდეგად 2 ძაღლი გარდაიცვალა, ერთის გადარჩენა კი ადგილობრივებმა შეძლეს.
ფაქტის შესახებ "ინფო რუსთავს" ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრებმა აცნობა.
როგორც საინფორმაციო სააგენტოს ქეთი ფოლადაშვილმა განუცხადა, ბოლო დროს, ბალანჩივაძის ქუჩაზე, ცხოველების ინტოქსიკაციით გარდაცვალების ფაქტები გახშირდა, ხელწერა კი ყოველ ჯერზე ერთიდაიგივეა.
"2 ძაღლი დაიღუპა, მესამე პატარა არ მომკვდარა, გადავარჩინე. ვფიქრობ, წლების განმავლობაში ერთი კონკრეტული მეზობელი აკეთებს ამ ყველაფერს, მაგრამ რადგან ძაღლი ვერ გაჰყავთ ექსპერტიზაზე დასადგენად, რა საწამლავს იყენებს ეს ადამიანი, შესაბამისად ეს ამბავი რჩება გამოუძიებელი. ერთი და იგივე სიმპტომებით იღუპებიან ძაღლები და სწორედ ამიტომ მგონია, რომ ერთი და იგივე ადამიანი წამლავს, თორემ კონკრეტულად ვერავის დავადებ ხელს", - განაცხადა ქეთი ფოლადაშვილმა.
ბალანჩივაძის ქუჩის მცხოვრების თქმით, სამართალდამცველები ვერც ამ ჯერზე დაეხმარნენ, რადგან ძაღლების ექსპერტიზაზე გადაყვანა მათი უფლება-მოვალეობის ფარგლებში არ შედის.
"მითხრეს, რომ პირადად უნდა გადამეყვანა ძაღლი ექსპერტიზაზე, იმხელა თანხებზეა ეგ დამოკიდებული, რომ სახელმწიფო ამ ყველაფერს თუ არ აკეთებს, ძალიან ძნელია მოსახლე ამას გააკეთებს", -განაცხადა ქეთი ფოლადაშვილმა.