"ფეისბუქ გარჩევები" (ფოტო)

2017-06-03 20:04:52

დაახლოებით 16 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია - "რუსთავის მერის არაკომპეტენტურობის გამო ქალაქის ბიუჯეტმა დაახლოებით 200 000 ლარამდე იზარალა და ზარალი შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან სარჩელების უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ განხილვაშია.სწორედ ეს მერი რუსთაველ სტუდენტებს ეუბნებოდა, რომ ქალაქის ბიუჯეტს სტუდენტური ტარიფის საშუალება არ ჰქონდა. ენმ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის წევრის გურამ ლაცაბიძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა არა მხოლოდ სათავისოდ იყენებს ბიუჯეტს, მას არამიზნობრივადაც ფლანგავს და უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების ანაზღაურებაში იხდის, და ყოველივე ამის შემდეგ, უარს ეუბნება სტუდენტებს, მომავალ თაობას, სამგზავრო ტარიფის განახევრებაზე. გარდაუვალი და აუცილებელი გახდა, რაც შეიძლება მალე ვუთხრათ - არა, მათ არაკვალიფიციურობას".

2 საათში რუსთავის თვითმმართველობიდან ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საპასუხო განცხადება მოჰყვა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, იმის თაობაზე, თითქოს ქალაქის ბიუჯეტმა სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის კომპენსაციის გადახდის შედეგად, 200 000 ლარამდე ზარალი განიცადა, არ შესაბამება სინამდვილეს. ეს ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული მორიგი სიცრუეა. რუსთავის მერიას, მერიიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით, არც ერთი სამართლებრივი დავა არ წაუგია, გარდა ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის პროცესისა. აღნიშნული პროცესიც, არის პირველი ინსტანცია, ექვემდებარება გასაჩივრებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეიცვლება და კომპენსაციის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილდება".