დიდების ხეივანში საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საპატივცემულოდ შექმნილი მონუმენტის მოწყობა დასრულდა.
მონუმენტის გვერდზე მარმარილოს დაფა დაიდგა, რომელზეც სამხედრო ჟეტონებია დამაგრებული. ჟეტონებზე კი საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების სახელები და გვარებია ამოტვიფრული.
მონუმენტი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ მოინახულა.
"საზოგადოება რუსთაველი გმირის ინიციატივით დღეს დაიდგა იმ ადამიანების მემორიალი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის სიმშვიდეს იცავდნენ საერთაშორისო მისიებში. დღეს მოვედით, ადგილზე გავეცანით ამ მემორიალს. ძალიან საინტერესო მემორიალიაა.
მათ შორის არიან არამარტო ქართველი, არამდე ამერიკელი სამხედროები, რომლებიც ასევე ჩვენი ქვეყნის მშვიდობას შეეწირნენ. მიხარია, რომ შეგვიძლია, მათ პატივი მივაგოთ და გვქონდეს აღსანიშნავად მემორიალი რუსთავში",- განაცხადა ლაცაბიძემ.
ლაცაბიძის განცხადებით, აუცილებელია, დიდების ხეივანს სარეაბლიტაციო სამუშაოები ჩაუტარდეს. მისი თქმით, ის გეგმავს, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად რამდენიმე კონცეფცია განიხილოს, რომ მომავალი წლისთვის მისი რეაბილიტაცია მოხდეს .
მემორიალი ყაზბეგური დიაბაზისგან რუსთაველმა მოქანდაკემ ვალერი ჯიქიამ დაამზადა.
მისი განცხადებით მონუმენტი 4 წლის განმავლობაში ნელ-ნელა იქმნებოდა.