ცენტრალურ პარკში სპორტკომპლექსი აშენდება

2020-10-13 00:51:31

რუსთავში აღორძინებას იწყებს სპორტის ის სახეობა, რომელსაც აქვს დიდი წარსული, თუმცა არ აქვს განვითარებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

ქალაქში ნიჩბოსანთა სპორტკლუბი "რუსთაველები" დაფუძნდა, რამდენიმე თვეში კი კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში მულტიფუნქციური სპორტკომპლექსი აშენდება.

კომპლექსი შეითავსებს არამხოლოდ სპორტული სკოლის ფუნქციას და იქნება განკუთვნილი ნიჩბოსნობის შესწავლის მსურველთათვის, არამედ უმასპინძლებს საერთაშორისო დონის ტურნირებსაც. 

პროექტის პრეზენტაცია 1 კვირაში მოეწყობა, თუმცა წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო. ცენტრალურ პარკში არსებულ ტბაში ნავმისადგომი ჩაეშვა, უშუალოდ სპორტული ბაზის მშენებლობას კი პრეზენტაციის შემდეგ შეუდგებიან.

აგრეთვე, ნავმისადგომი ჩაეშვება ტბის მეორე ნაპირზეც. ამ მხარეს არსებული სივრცე სამოყვარულო კანოეს დაეთმობა. აქ განთავსებული იქნება წყლის ველოსიპედები და ნავები.

"ინფო რუსთავისთვის" ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა ფასები დაწესდება სპორტსკოლაში ან თუნდაც სამოყვარულო კანოეზე და წყლის ველოსიპედებით სეირნობაზე, თუმცა ინვესტორები აღნიშნავენ, რომ ფასები იქნება გონივრული, სპორტსკოლაში კი იმოქმედებს სოციალური პაკეტები.

სპორტკლუბის სულისჩამდგმელები რუსთაველი წარმატებული ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე, მამამისი გიორგი წივწივაძე, საზოგადოება "რუსთაველების" დამფუძნებელი ალექსანდრე დალაქიშვილი და "მეამას" გენერალური დირექტორი თორნიკე ჭელიძე არიან.

ინვესტორები აღნიშნავენ, რომ მათთვის მთავარი მოტივაცია სწორედ 16 წლის ალექსანდრე წივწივაძე გახდა, რომელიც წლების განმავლობაში ნათხოვარი და დაზიანებული ნავით ვარჯიშობდა, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ რუსთავისა და საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარზზე არაერთხელ გაეტანა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI