რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, "ენერგო პრო ჯორჯიას" საკუთრებაში არსებულ ქვესადგურთან სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, რუსთავში არსებული ქვესადგურების სრული უმრავლესობა ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელია და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
სამოქალაქო აქტივისტის, გივი შანიძის ინფორმაციით, რუსთავში არსებული 400 ქვესადგურიდან, 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 12 რეაბილიტირდა.
"ენერგო პრო ჯორჯიას ქვესადგური უსაფრთხოების ვერანაირ ნორმას ვერ აკმაყოფილებს, რადგან ადვილად შეღწევადია ბავშვებისთვის, წვიმისთვის, მაღალი გამავლობის სადენები არის გარეთ, ჩამკეტები არის უფუნქციო. ასევე ადგილობრივმა თქვა, რომ აქ შემოდის ადამიანი და იძინებს, შესაძლებელია ყოველ წუთას რაღაც უბედურება მოხდეს. 400-მდე ასეთი ჯიხურია ქალაქში ამ მდგომარეობაში. მოვუწოდეთ 3 დღის წინ კომპანიას, რომ შემოეღობათ ან უსაფრთხოების რაღაც ნორმა დაეცვათ, მაგრამ ხედავთ რომ ყური არავინ არ შეიბერტყა. მათმა წარმომადგენელმა კომენტარიც გააკეთა, რომ შარშან 12 ქვესადგური შეაკეთეს. რა გამოდის, 350-ზე მეტი ქვესადგურია და 2 წელიწადში რომ 12 გააკეთონ, ამ პრობლემის მოგვარება ამ საუკუნეში არ მოგვიწევს", - აცხადებს გივი შანიძე.
აქციის ორგანიზატორებმა "ენერგო პრო ჯორჯიასგან" ორშაბათს მოითხოვეს გეგემა-გრაფიკის წარმოდგენა, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი, როგორ მოახდენს კომპანია უმოკლეს ვადებში ქვესადგურების რეაბილიტირებას.