რა ვითარებაა რუსთავის სკოლაში, სადაც კოვიდ19 მოსწავლეს დაუდასტურდა

2020-10-07 11:38:26

მე-7 საჯარო სკოლის ერთ-ერთი პირველი კლასის მასწავლებლისთვის კორონავირუსზე აღებული ტესტის პასუხს დღეს ელოდებიან.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" სკოლის დირექტორმა ლია ჯღარკავამ განუცხადა.

მისი თქმით, პირველი კლასის მოსწავლისთვის კორონავირუსული ინფექციის დადასტურების მიუხედავად, სკოლაში მოსწავლეების უმეტესობა მაინც დადის.

"გუშინ და გუშინწინ რომ აღვრიცხეთ, პროცენტულად დიდი რაოდენობა დადის, ვგულისხმობ პირველიდან მეექვსე კლასებს.

არ დადის მხოლოდ ერთი პირველი კლასი, რომელიც დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

როცა აღრიცხვა აქვთ ხოლმე, ვთქვათ 27 ბავშვიდან სასწავლო პროცესს შეიძლება ესწრებოდეს 23, ზოგან 20, სხვადასხვა მაჩვენებელია ყველგან",- განუცხადა ინფო რუსთავს ლია ჯღარკავამ.

მე-7 სკოლის დირექტორის განცხადებით, იმ კლასის გარდა, რომელიც თვითიზოლაციაშია და დისტანციურ სწავლაზეა გადასული, დამატებით კიდევ 5 მოსწავლის მშობელმა ონლაინ სწავლაზე გადასვლა მოითხოვა.

რაც შეეხება დეზინფიცირებას, ლია ჯღარკავას განცხადებით, სკოლას რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სამსახურმა დეზინფიცირება სრულად ჩაუტარა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები