ვინ არის ლექსო დალაქიშვილი

2020-10-02 11:20:53

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო სიის 45-ე ნომერი რუსთაველი ლექსო დალაქიშვილია. დალაქიშვილი კარგად ნაცნობი, საზოგადოება "რუსთაველების" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის რუსთაველ წევრს საჯარო სამსახურში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ის წლების განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.

ფინანსთა სამინისტროში მუშაობა 2003 წელს, ქვემო ქართლის რეგიონში, რიგითი ოპერატიული თანამშრომლის პოზიციაზე დაიწყო და 2016 წელს, როგორც უფროსის მოადგილემ, პოსტი ისე დატოვა.

საჯარო სამსახურში სტუდენტობის პერიოდიდან მოხვდა. ლექსო დალაქიშვილის სამუშაო გამოცდილება საქართველოს პარლამენტიდან, გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტიდან იწყება და 2003 წელს, მცირე დროით, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გრძელდება, ის 6 თვის განმავლობაში რწმუნებულის მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა.

ამ ეტაპზე დალაქიშვილი ნინო ლაცაბიძის, "ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის საინიციატივო ჯგუფის წევრია.

როგორც მმართველი გუნდის საარჩევნო სიის წევრმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ის საკანონმდებლო ორგანოში უშუალოდ რუსთავის წარმომადგენელი არ იქნება, ყოველთვის იდგება რუსთაველების ინტერესების სადარაჯოზე. მისი განცხადებით, იზიარებს ნინო ლაცაბიძის ხედვებსა და სტრატეგიას ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარების კუთხით და ფიქრობს, რომ რუსთავში ძირითადი სამუშაოები გასატარებელი რამდენიმე მიმართულებითაა.

"ჩვენ უნდა ვიმუშაოთ კანონმდებლობის დახვეწაზე და ხმა უნდა მივცეთ ბიუჯეტს, რომელშიც რუსთავი იქნება პრიორიტეტული, იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემებია ქალაქში როგორც დასაქმების, ისე ეკოლოგიისა და ტრანსპორტის კუთხით. პირველ რიგში, ამას უნდა მივხედოთ. ამასთან, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ დოვლათი, რომელიც ამ ქალაქში იქმნება, დიდი წილი, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში, მოხმარდეს რუსთავის კეთილდღეობას", - აცხადებს ლექსო დალაქიშვილი.

სახელისუფლებო გუნდის საარჩევნო სიის წევრის თქმით, ასევე ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს, რომ რუსთავში ინვესტიციები მაქსიმალურად სწორად მოიზიდოს. საზოგადოება "რუსთაველები"-ს ორგანიზებით ქალაქში "აჭარა ჯგუფი" უკვე შემოვიდა. "აჭარა ჯგუფმა" ძველ რუსთავში, გაგარინის ქუჩაზე, ძველი სახანძრო შენობის რეაბილიტაცია დაისახა მიზნად, სადაც ახალგაზრდული ჰაბის განთავსება იგეგმება.

ლექსო დალაქიშვილი 39 წლისაა, მას მეუღლე და 3 შვილი ჰყავს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები