ახალი ახალგაზრდული სივრცე რუსთავში [video]

2020-09-20 23:48:04

რუსთაველი ახალგაზრდების კულტურული ჰაბი “სახანძრო” იქნება. პროექტის პრეზენტაცია შენობის ტერიტორიაზე მოეწყო. [ვიდეო/video]

ყოფილი სახანძრო დანიშნულების ისტორიულ შენობას რესტავრაციას “აჭარა ჯგუფი” ჩაუტარებს. ახალ ფუნქციას მეტალურგიული ქარხნის მიმდებარედ, გაგარინის ქუჩაზე არსებულ შენობას შესძენს ჯგუფი, რომელიც არაერთი ცნობილი პროექტის ავტორია.

რესტავრირების შემდეგ შენობაში მუსიკალური დარბაზები და სარეპეტიციო კუთხეები განთავსდება, რომლებიც ახალგაზრდა მუსიკოსებს დაეთმობა და ხელს შეუწყობს მათ შემოქმედებით განვითარებას. ასევე, შენობაში იფუნქციონირებს რესტორნები, კაფეები და კონცეპტუალური პატარა მაღაზიები.

აღსანიშნავია, რომ სახანძროს ეზოში უკვე განთავსდა ე.წ. კუკუშკას ვაგონი, რომილის დემონტაჟიც მრავალწლიანი უძრაობის შემდეგ, გუშინ განხორციელდა.

პროექტის პრეზენტაციას “აჭარა ჯგუფის” წარმომადგენლები, ასევე პარტია “ქართული ოცნების” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რა ვადებში მოხდება პროექტის განხორციელება, ამ დეტალებზე ჯერჯერობით “აჭარა ჯგუფის” წარმომადგენლები არ საუბრობენ, თუმცა აქტიური სამუშაოების დაწყება უახლოეს ხანებში იგეგმება.

გარდა ამისა, პრეზენტაციაზე საუბარი შედგა ალტერნატიულ ეკო-ტრანსპორტზე, რომელმაც ოპერირება რუსთავში უკვე დაიწყო. “აჭარა ჯგუფმა” ქალაქში პირველ ეტაპზე 40 სკუტერი შემოიყვანა, რიცხვი მზარდია.

რაც შეეხება “გასქროლვის” ინსტრუქციას, ამის შესახებ “ინფო რუსთავი” დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.