თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონზე, სამედიცინო პირბადეზე, მის მოთეთრო ფერის სპორტულ ფეხსაცმელსა და მანქანიდან ამოღებულ ხალიჩებზე, ადამიანის სისხლის კვალი იქნა ნაპოვნი.
გარდა ამისა, ექსპერტიზაში ვკითხულობთ, რომ ავტომობილში ნაპოვნი იქნა დანა, რომლის ტარზეც თამარ ბაჩალიაშვილის გენეტიკური პროფილია აღმოჩენილი.
“ინფო რუსთავმა” ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა, დეტალურად შეისწავლა და მნიშვნელოვან გარემოებებს მიაკვლია.
გარდა სისხლის კვალისა, რომელიც ავტომობილში რამდენიმე ადგილას იქნა ნაპოვნი, საგულისხმოა, რომ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოკვლეულ არაერთ ნივთზე ფიქსირდება გენეტიკური პროფილები, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილს არ ეკუთვნის.
“ანაწმენდი გადამრთველი კოლოფის სახელური ზედაპირიდან (ობ.N17). ანაწმენდი წინა მოპირკეთების სათავსოს გამღები სახელურიდან (ობ. N18).
აღმოჩენილი ობ N17-ის შერეული პროფილის მინორული წილი ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს, მაჟორული წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის სხვა პირს. ობ N 18-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს”, - ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.
ობ N18-ის გენეტიკური თანამონაწილეობა კიდევ არაერთი ნივთიდან აღებულ ბიოლოგიურ მასალაშია დაფიქსირებული. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული გენოტიპის მონაწილეობა გამორიცხული არ არის ელექტრო შოკზე არსებული ბიოლოგიური მასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში. ასევე, შერეულია ბაჩალიაშვილის სამედიცინო პირბადეზე არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილიც. ერთ-ერთი წილი ეკუთვნის თავად ბაჩალიაშვილს, მეორე კი მამრობითი სქესის სხვა პირს.
ექსპერტიზაში ნაპოვნ გარემოებებთან დაკავშირებით ,“ინფო რუსთავი” თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს ესაუბრა. რამიშვილმა დაგვიდასტურა ყველა ის ფაქტი, რომელიც ზემოთაა მოყვანილი და განაცხადა, რომ პროკურატურას, აღნიშნული გენეტიკური პროფილების კუთვნილების დადგენის მიზნით, დამატებითი ექსპერტიზების ჩატარების შუამდგომლობით უკვე მიმართა. მისი განცხადებით, აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვის ეკუთვნის უცხო კვალი, რომელიც 23 წლის გოგონას ავტომობილშია ნაპოვნი.