დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პედაგოგებს მიმართავს.
მისი თქმით, მასწავლებლები, რომლებიც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ისვენებდნენ ან მოგზაურობდნენ აჭარასა და ლეჩხუმში, სასურველია სკოლაში არ გამოცხადდნენ და თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
„რადგან ქვეყანა სწავლის დაწყებისთვის ემზადება, რეკომენდირებულია, ყველა მასწავლებელი, ვინც ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ისვენებდა ან მოგზაურობდა ეპიდსიტუაციის გამწვავების კერებში, პირველ რიგში აჭარაში, ასევე ლეჩხუმში, აუცილებელია დაიცვან პრევენციული ღონისძიებები. სასურველია, ისინი 2 კვირის განმავლობაში არ გამოცხადდნენ სამუშაო ადგილზე და იყვნენ თვითიზოლაციაში. პირველივე სიმპტომის დაწყების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს და შემდეგ, სამედიცინო პერსონალი მართავს პროცესს“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული ბრიფინგის შემდეგ.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იგეგმება შერჩევითი პრინციპით მასწავლებლების ტესტირება.
როგორც გამყრელიძე აცხადებს, ბავშვი, რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას, ამასთან, სკოლის ხელმძღვანელებმა უნდა გააკონტროლონ, რომ სკოლებში მუდმივი თერმოსკრინინგი ჩატარდეს.