არჩევნები და კორონავირუსი

2020-08-08 12:55:08

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, კოვიდინფიცირებულმა ამომრჩევლებმა ხმის მიცემის უფლებით შესაძლოა, ვერ ისარგებლონ, კარანტინში მყოფ მოქალაქეებს კი არჩევნებში მონაწილეობა შეეძლებათ.

„ჩვენ შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, კოვიდინფიცირებულებთან დაკავშირებით, პრაქტიკულად, გადაწყვეტილება არავის აქვს მიღებული, რომ კოვიდინფიცირებულს ჰქონოდა ხმის მიცემის შესაძლებლობა. თუმცა, ცალკე საკითხია საკარანტინო ზონები და კარანტინის სივრცეებში მყოფი ამომრჩევლები. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დაეფუძნება, ექსპერტებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. მე ვფიქრობ, რომ კარანტინში მყოფი ამომრჩევლების უფლების რეალიზაცია უნდა მოხდეს. თუმცა, დღეს გავიგე, რომ შესაძლებელია არსებობდნენ კოვიდინფიცირებულები, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ და ისინი საკარანტინო სივრცეებში განთავსდებიან. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცესკოს დიფერენცირება მოუწევს“, - განაცხადა ჟვანიამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, კენჭისყრის დღეს პირბადის ტარება როგორც ამომრჩევლისთვის, ასევე დამკვირვებლებისა და საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, სავალდებულო იქნება.

ამასთან, როგორც თამარ ჟვანიამ განაცხადა, თერმოსკრინინგი ამომრჩევლებს კენჭისყრის დღეს არ ჩაუტარდებათ.

"რა თქმა უნდა, როცა ფიზიკური დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, პირბადე არის ის ალტერნატივა და აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. რაც შეეხება თერმოსკრინინგს, როგორც მოთხოვნა იქნება ყველა შენობის შესასვლელში. უბრალოდ ეს არ ვრცელდება კენჭისყრის დღეზე. ყველა შემსვლელს, ჩართულ მხარეს, პარტიას, კანდიდატს, როცა კომისიასთან ექნება ურთიერთობა, მას აუცილებლად ჩაუტარდება თერმოსკრინინგი“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისივე თქმით, ტემპერატურის მქონე ამომრჩევლებისთვის ცალკე სივრცის გამოყოფის პრობლემა არსებობს.

„ცალკე სივრცის პრობლემა არის. ჩვენ, სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს ცალკე სივრცის საშუალებას და ეს არის პრობლემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვინაიდან კონტაქტი მცირე ხნიანი იქნება, ამომრჩეველი დაცული იქნება. თან, სიცხის და ტემპერატურის მიზეზი ვერ გვეცოდინება მინიმუმ, ერთი დღის განმავლობაში. სწორედ ამიტომ, თერმოსკრინინგი იმუშავებს კენჭისყრის დღის გარდა ყველა სხვა პროცესისას“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად შესაძლოა, ინდივიდუალური კალამი შესთავაზონ. როგორც ჟვანიამ აღნიშნა, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ სურვილის შემთხვევაში საკუთარი კალმითაც ისარგებლონ.

ამასთან, თამარ ჟვანიამ განმარტა, რომ მარკირების სითხეზე სანიტაიზერები გავლენას ვერ ახდენს.

ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, თუკი კომისიის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდება, მთელი კომისია კარანტინს ექვემდებარება და მათ სარეზერვო კომისია, ე.წ. სპეციალური ჯგუფი ჩაანაცვლებს.

ჟვანიას ინფორმაციითვე, კომისიის წევრები კენჭისყრის დღეს დამცავი ფარით და ხელთათმანით იმუშავებენ.

„კომისიის წევრებისთვის ჩვენ ვგეგმავთ ხელთათმანების და სახის ფარების გამოყენებას, რომელიც გარკვეულწილად ხსნის იმ ბარიერს, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა რომ დამონტაჟებულიყო ამომრჩევლისა და კომისიის წევრის ურთიერთობისას. რა თქმა უნდა, იქნება ბუნებრივი ვენტილაციის მოთხოვნები. აუცილებელი იქნება, რომ კომისიის წევრებმაც დაიმუშავონ ხელები და დაამუშავონ ის ინვენტარი გარკვეული პერიოდულობით, რომელსაც ისინი მოიხმარენ“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს სავალდებულო ტესტირება ჯერ არ გაუვლიათ.

„ვისაც პატარა, მცირე სიმპტომი ჰქონდა, ყველა გვყავს გადაგზავნილი და გატესტილი. არცერთ შემთხვევაში ვირუსი არ დადასტურებულა“, - განაცხადა ჟვანიამ.