მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა მიესაჯა

2020-09-07 11:08:51

ყოფილ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს, რომელსაც გამოძიება გასული წლის დეკემბერში დაღუპული ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებას ედავებოდა, სასამართლომ 3 წელი მიუსაჯა. გარდა ამისა, მას 2 წლით სამართალდამცავ ორგანიებში მუშაობის უფლებაც ჩამოერთვა.

მოზარდის ძმა მიიჩნევს, რომ ჩოლოიანის გარდა ლუკა სირაძის გარდაცვალებაში სხვა პოლიციელებსაც მიუძღვით წვილი. როგორც მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ოჯახი განაგრძობს ბრძოლას მათი პასუხისმგებლობის გამოსაკვეთად.

15 წლის ლუკა სირაძე 2019 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღით ადრე სუიციდი სცადა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მოზარდის გარდაცვალებას წინ უძღოდა დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში, გამომძიებელი კი სწორედ მარიანა ჩოლოიანი იყო. ამ საქმეზე ბრალი მხოლოდ მას წარედგინა. ჩოლოიანი მოზარდის გარდაცვალებიდან მალევე დააკავეს, თუმცა ის ბრალს არ აღიარებდა. მანამდე შსს-ც აცხადებდა, რომ საქმეში პოლიცია უდანაშაულო იყო.