3 გარდაცვლილი და 2 დაშავებული

2020-09-03 23:45:21

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხაბელაშვილებთან მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი - დაშავდა.

გარდაცვლილთა შორის 2 პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები არიან.

გზაზე მოძრავი ავტომანქანა, სავარაუდოდ, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხვევში, დაახლოებით, 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე მალევე გამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო. დანიშნულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა