"FBI-ს არ აქვს მზაობა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთოს"

2020-09-03 17:13:12

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განმარტებით, მას გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, რომ FBI-ს არ აქვს მზაობა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ჩაერთოს.

„რა თქმა უნდა, FBI-ს ჩართვასთან დაკავშირებითაც დავსვით შეკითხვა. როგორც პროკურატურაში განგვიცხადეს, იყო წინასწარი კომუნიკაცია შესაბამის ატაშესთან და თანამშრომლობის შესაძლებლობასთან. როგორც გენერალურმა პროკურორმა თქვა, იყო FBI- ს ჩართვის საკითხზე საუბარი და პოზიციების გაცვლა. FBI აცხადებს, რომ არ არის მათი კომპეტენცია ჩაერთოს გამოძიებაში სხვა ქვეყანაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე, როგორც მე მითხრეს, FBI-ს ეს მზაობა არ აქვს. თუმცა როგორც გენერალური პროკურორი აცხადებს, მათ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ფარგლებში აქვთ მიმართული "ფეისბუქისთვის" და "გუგლისთვის", -განცხადა ლომჯარიამ.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ეჭვობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და ამერიკის ფედერალურმა ბიურომ უარი განაცხადა საქმეში ჩართვაზე, ე.ი. პროკურატურამ მიაწოდა მათ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება თვითმკვლელობას და არა მკვლელობას.

"თუ არ ჩაერთვება და სრულად ამბობს უარს, მაშინ გამოდის, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი და FBI ერთვება როდესაც დანაშაულზე, მკვლელობაზე არის საუბარი, როდესაც საკითხი გამოსაძიებელია", - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.