სალონური მომსახურება ბინაზე

2020-09-03 13:02:37

სილამაზის სალონებმა ბინაზე სალონური მომსახურების რეგულირების მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს. როგორც „სალონების ფედერაციის“ ხელმძღვანელი თამარ შარაშენიძე აცხადებს, აღნიშნული პრობლემის შესახებ მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უკვე ინფორმირებულია.

მისივე თქმით, „სალონების ფედერაცია“ რამდენიმე დღეში ანალოგიური თხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს და პირადად მინისტრ ნათია თურნავასაც მიმართავს.

“ბინაზე მისვლით სალონური მომსახურება რეგულაციებს უნდა დაექვემდებაროს, სხვა შემთხვევაში მომხმარებლიც და ბიზნესიც რისკის ქვეშ დგას. აქაა ორი მიმართულების რისკი: ერთი ის, რომ სალონებს არაკონკურენტულ სიტუაციაში უწევთ მუშაობა და მეორე ის, რომ არავინ იცის, რა პროდუქციით ემსახურებიან მომხმარებელს და როგორ იცავენ უსაფრთხოების ნორმებს“, - აცხადებს შარაშენიძე.

მისივე თქმით, ბინაზე სალონური მომსახურება, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში გაიზარდა, ხოლო სალონებში მომხმარებელთა რიცხვმა მკვეთრად იკლო.

“რომ გადახედოთ ფასებს, ბინაზე მისვლით და სალონებში მომსახურების ფასები მკვეთრად განსხვავებულია. მაგალითად, მანიკურის საშუალო ფასი სალონებში 15 ლარია, ისინი კი ბინაზე მისვლით ამას 5 ლარად აკეთებენ, შილაკს - 15 ლარად; გვინდა, ეს საკითხი სასწრაფოდ დარეგულირდეს“, - აცხადებს შარაშენიძე.