კორონავირუსის შემთხვევები ქსელურ მაღაზიასა და სასტუმროში

2020-09-02 17:53:06

კორონავირუსით ინფიცირება დღეს სასტუმრო "ოაზისში", სამედიცინო კონფერენციაში მონაწილე ექიმს დაუდასტურდა. კონფერენციაზე ჩაქვში 400 ქართველი ექიმი იმყოფება. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის 38 შემთხვევიდან 2 სასაურსათო მაღაზია „ნიკორას“ თანამშრომელია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩაქვში, სასტუმროში ვიზიტორს კორონავირუსი განმეორებითი ტესტირების შედეგად  დაუდასტურდა.

ინფიცირებული ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. რაც შეეხება მისი ინფიცირების წყაროს, მას ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.

სასტუმრო ოაზისში 900 -მდე ვიზიტორია რეგისტრირებული.

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სასტუმრო „ოაზისში“ ეპიდემიოლოგიური კვლევა დაწყებულია და შედეგების მიხედვით მოხდება სასტუმროში მყოფი 400-მდე ექიმის კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადანაწილება.

მისივე განცხადებით, სასტუმრო „ოაზისში“ კონფერენციაზე მისი მოადგილის ჩასვლა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გადაიდო.

„დღესდღეობით მნიშვნელოვანი ვითარებაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც არის 400-მდე ქართველი ექიმი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდნენ, სადაც აუცილებლად უნდა ჩასულიყო ჩემი მოადგილე, თამარ გაბუნია და ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, რომ სასტუმროში დაფიქსირდა ვირუსი.

გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა ჩვენ ასევე მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ექიმების ტესტირება, რათა შესაბამისი პროტოკოლით მოხდეს ამით გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში “,- განაცხადა მინისტრმა წყალტუბოში დევნილებისათვის ბინების გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას.

რაც შეეხება ვირუსის ქსელური მაღაზიაში დაფიქისრების შემთხვევებს, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სასურსათო მაღაზიამ უკვე მიიღო შესაბამისი ზომები.

„ორი არის სწორედ ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის თანამშრომელი. ეს მაღაზია არის „ნიკორა“, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.

მაღაზიაში მთლიანად შეცვალეს იმ დღის პერსონალი, გადაიყვანეს თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს კვლევები“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ნიკორას“ ერთ-ერთ მაღაზიაში კორონავირუსი დამლაგებელსა და მცხობელს დაუდასტურდა, 22 თანამშრომელი კი კარანტინის რეჟიმშია გადასული.

„ნიკორაში“ აცხადებენ, რომ თავად მაღაზია დღეს დილით, სხვა თანამშრომლებით, დეზინფექციის ჩატარების შემდეგ გაიხსნა.

„ჩვენს თანამშრომელს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ფილიალში 30 რიცხვში დაუდასტურდა კორონავირუსი. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლები გადავიდნენ თვითიზოლაციასა და კარანტინში. გუშინ ჩაუტარდათ PCR ტესტი და დამატებით კიდევ ერთს დაუდასტურდა. დანარჩენი თანამშრომლების პასუხები არის უარყოფითი. ანუ 24 კაცია ჯამში, 2-ს დაუდასტურდა, 22 უარყოფითია და ეს 22-ივე კარანტინშია. ეს არის სრული სტაფი ერთი მაღაზიის, ცვლების მიხედვით. მაღაზია 30-შივე დაიკეტა, ჩავატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები. დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გავიარეთ ეს საკითხები. ჩვენ 24 საათის შემდეგ შეგვეძლო ამ მაღაზიის გახსნა და დღეს დილის 09:00 საათიდან მუშაობს ეს მაღაზია. ამ ორ ადამიანს, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მომხმარებელთან არანაირი შეხება არ ჰქონდათ“, - განაცხადეს „ნიკორაში“.