ავტოსადგურების სერტიფიცირების და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალ სანებართვო პირობებს შემოიღებენ. ცვლილება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში შევა. აღნიშნული კი, საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ მთავრობის კანონშემოქმედებით გეგმაშია.
„დღეს, არსებული სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილის - სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება.
ასეთივე უწესრიგობას ვაწყდებით სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას. სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გააუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა. ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება არალეგალიზებული (სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე) გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე, მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
როგორც კანონპროექტის ინიციატორი განმარტავს, გაიზარდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც იძენენ რესურსამოწურულ, იაფფასიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არ შეესაბამება მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს და იწყებენ მგზავრთა გადაყვანას. აღნიშნულის შედეგად ის მეწარმე-გადამზიდველები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვითა და ბიუჯეტთან სრული ანგარიშსწორებით, აღმოჩნდენ არაკონკურენტუნარიან პირობებში, რაც იწვევს მათ განდევნას სატრანსპორტო ბაზრიდან და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა უგულებელყოფით მომუშავე ავტობუსის მფლობელი ინდივიდუალური პირებით ჩანაცვლებას.
„ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება მოსახლეობისა და ტურისტების მომსახურების დონეზე, რომლებმაც წინასწარ უნდა იცოდნენ რომელი სადგურიდან, რა მიმართულებით და სიხშირით გადის ავტობუსი, გასვლისა და დანიშნულების ადგილზე ჩასვლის დრო და მგზავრობის ღირებულება, აგრეთვე მგზავრის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული პირის ვინაობა და ა.შ.“,- აღნიშნულია დოკუმენტში.
კანონპროექტი ითვალისწინებს ავტოსადგურების სერტიფიცირების და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებას.
გეგმის თანახმად, ცვლილება შევა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში, რომლითაც ორი უნივერსალური სახის ნებართვას შემოიღებენ - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს მიეცემა საშუალება, განახორციელოს როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის შიდა რეგულარული თუ არარეგულარული გადაყვანა/გადაზიდვა.
პროექტის მიხედვით, მოხდება ავტოსადგურების დიფერენცირება 3 კლასად.