ცნობილი საკონდიტროს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-09-01 13:27:23

ბათუმში მდებარე საკონდიტრო მაღაზია "დონას" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 35 წლამდე ასაკის ქალი ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია. მაღაზიის სხვა თანამშრომლებს კი ტესტირება უტარდებათ.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ იმ პირებს მიმართა, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში საკონდიტრო "დონაში" იმყოფებოდნენ.

„ეპიდკვლევა მიმდინარეობს, სავარაუდო წყაროს დადგენაც. უკვე აღებულია 50 ნიმუში ლაბორატორიული კვლევისათვის. რა კონტაქტის მოძიებაც შესაძლებელი იყო, ყველა ახლო კონტაქტი განსაზღვრულია. ნაწილი კარანტინშია, ნაწილი თვითიზოლაციაში. რაც შეეხება ზოგადად ამ საკონდიტროს მომხმარებელს, აქვე მინდა ვთქვა, თუ ვინმე ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა აღნიშნულ დაწესებულებაში და უნდათ, საჭიროც არის, რომ შეამოწმონ დაავადების სტატუსი, შეუძლიათ მიმართონ ბათუმში განთავსებულ კარვებს, სადაც პისიარ ტესტირება ტარდება. კარვები განთავსებულია კოლონადებთან და აჭარულ სახლთან. სხვა დღეებში 6-დან 10 საათამდე ხდება ნიმუშების აღება. დღეს დაიწყება მსურველთა მიღება 4 საათიდან. მესამე კარავი ქობულეთშია. აქამდე პარკის ტერიტორიაზე იყო და დღეს გადაიტანეს აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, უფრო ხელმისაწვდომობისათვის. ქობულეთის კარავი ფუნქციონირებას დაიწყებს დღეს 2 საათიდან", - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.

ცნობისთვის, "დონა" ბათუმში საკმაოდ ცნობილი საკონდიტროა.

მაღაზიის მენეჯერის თქმით, 27 აგვისტოს შემდეგ თანამშრომელი სამსახურში არ ყოფილა. მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი 5 დღის წინ თავს შეუძლოდ გრძნობდა, რის გამოც ცხელების ცენტრს მიმართა.

საკონდიტრო მაღაზიის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე ფილიალი უკვე დაკეტეს. მაღაზიის შესასვლელთან გამოკრულია აბრა, სადაც აღნიშნულია, რომ 14 სექტემბრამდე თვითიზოლაციის გამო მუშაობა შეაჩერეს. მუშაობას განაგრძობს გორგასლის ფილიალი.