"სამი მაღალჩინოსანი ამარაგებს ყარაბაღის ომს აზერბაიჯანის წინააღმდეგ"

2020-08-30 14:28:39

"სამი მაღალჩინოსანი ამარაგებს ყარაბაღის ომს აზერბაიჯანის წინააღმდეგ", - ამ შინაარსის წარწერაა დატანილი პლაკატზე, რომლითაც თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი მთავარი პროკურატურის წინ ამ წუთებში დგას.

გარდაცვლილი 23 წლის გოგონას დედამ დღევანდელ საპროტესტო აქციაზე აზერბაიჯანისა და თურქეთის მთავრობებს მოუწოდა, რომ თამარის გარდაცვალების საქმით დაინტერესდნენ და გაარკვიონ, რა გზით მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან იმ მილიონებს, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტი სხვადასხვა ანგარიშებიდან ხსნიდა.

"საქართველოს მთავრობას მოსთხოვონ იმ სამი მაღალჩინოსნის შესახებ არსებული ფაილები, რომელიც ჩემმა შვილმა შემთხვევით გახსნა და გაშიფრა, ის სქემა, თუ როგორ მარაგდებოდა ყარაბაღის ომი იარაღით. ზუსტადაც მაგიტომ გადაარიციხინეს ჩემს შვილს მილიონები სხვადასხვა კომპანიებიდან, იმიტომ, რომ იარაღის შესაძენად ძალიან დიდი თანხაა საჭირო და სუსიც ზუსტად ამიტომაა ჩართული ჩემი შვილის მოშორების ამბავში", - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

როგორც თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, პროკურატურის მხრიდან სატელიტური სურათების გამოქვეყნება და თვითმკვლელობის მუხლის ჯგუფურად მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირება.

„აქციის მიზანია დადონ სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება იდგა თუ არა მანქანა 4 დღის განმავლობაში იქ, სადაც აღმოაჩინეს. ამ სატელიტური სურათების საფუძველზე უნდა მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცრება მკვლელობის მუხლად და დასახელდეს ის მკვლელი, ან მკვლელები. სავარაუდოდ, საუბარია სამ მაღალჩინოსანზე. ვადები თვითონვე თქვეს, რომ თვის ბოლომდე იქნება”, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

თამაზაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პროკურატურა მათ მიერ გამოთხოვილ მტკიცებულებებს სრულად არ გამოაქვეყნებს, მათი გამოსვლები პოლიტიკურ სახეს მიიღებს. მისივე ინფორმაციით, აქციები სექტემბრის შუა რიცხვებიდან გაგრძელდება.

"შემდგომში პოლიტიკურში რომ გადაიზრდება ეს ყველაფერი, ყველას ვეღარ გააჩერებენ. მე ჩემი შვილის საფლავზე დავიფიცე, რომ არ მოვასვენებ და სანამ იქნებიან, მუდმივად დისკომფორტი შეექმნებათ. აუცილებლად ვაპირებთ აქციების გაგრძელებას სექტემბრის შუა რიცხვებიდან. დრონის ჩანაწერების ნახვას რა აზრი აქვს, როდესაც მოვითხოვე და უნდა ჰქონოდათ მაშინ არ გამოაჩინეს. ის მანქანა იქ არ იდგა, დრონის ჩანაწერები შემდგომში თავიდან ჩაწერეს,” - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.